ორი პრიზი სერია A-ში, სამი დანელიების ოჯახში და ხუთი „დინამო თბილისის“ აკადემიაში
ორი პრიზი სერია A-ში, სამი დანელიების ოჯახში და ხუთი „დინამო თბილისის“ აკადემიაში
28.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ექვსი წლის წინ, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში" ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის მთავარი პრემია 17-წლამდეთა შორის „დინამო თბილისის" ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა, დღეს GFF Awards 2023-ზე ხვიჩა, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 17-წლამდეთა პრემიის მფლობელი კი, „დინამო თბილისის აკადემიის" ფეხბურთელი და ჩივაძის ოქროს მედლის მფლობელი რეზი დანელია გახდა. თუ სიმბოლოების უნდა  გჯეროდეს, მაშინ რეზის 6 წლის შემდეგ, „კვარაზე" არანაკლები პერსპექტივა აქვს, თუ უკეთესი არა.

რადგან 17-წლამდები ვახსენეთ, აქ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ასევე „დინამო თბილისის აკადემიის" ფეხბურთელებმა ლუკა წულაიამ და ვახო სალიამ დაისაკუთრეს. სხვათა შორის, სალია გახდა 2023 წლის ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი.


კიდევ ორი დინამოელი მხოლოდ, ამჯერად 19-წლამდეთა შორის გახდა ლეგენდარული დინამოს კაპიტნის ალექსანდრე ჩივაძის პრემიის ლაურეატი. ლუკა შეროზიამ ბრინჯაოს, ლექსო ფეიქრიშვილმა კი ვერცხლის პრიზები დაისაკუთრეს. რაც შეეხება ამ ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს, ის იმ „საბურთალოს" ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ მიიღო, რომელის გუნდსაც, 19-წლამდეთა ოქროს ლიგაში, „დინამოელებმა" აჯობეს და ლიგა მოიგეს. სხვათა შორის, „დინამო თბილისის" ეს ასაკობრივი გუნდი, 2024-2025 წლების უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს, შეროზიასთან და ფეიქრიშვილთან ერთად და არაა გამორიცხული იქ, ნარიმანიძის „ბაიერნს" დაუპირისპირდეს, თუკი ამ უკანასკნელის ტრანსფერი, გერმანულ კლუბში მართლა შედგება.


დღეს, განსხვავებით ეროვნული ლიგის წლის საუკეთესოთა გამოვლენის კრიტერიუმებისგან, პირველებს სანაკრებო მიღწევებით ავლენდნენ.


სხვათა შორის დღეს, სცენაზე, დანელიების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი ავიდა, ნათია დანელია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და ქალთა საფეხბურთო კლუბი კვარტალის ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი შეასრულა, გახდა როგორც საქართველოს 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო, ასევე მთლიანად წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი კი, ნათიას დამრიგებელი „კვარტალში", ნიკა ჯღარკავა გახდა.


იტალიის გზას დაადგა 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზიც, რომელიც საბა საზონოვმა დაიმსახურა. სხვათა შორის, საბას „კლასნი" თამაშის წყალობით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საერთო ჯამში კარგი თამაში აჩვენა და იმას გარდა, რომ ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, გულშემატკივარს, ქართული ფეხბურთის მომავლისადმი იმედიც ჩაუსახა. სხვათა შორის, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გულშემატკივრის მიერ თბილისში, „დინამო არენაზე" დამყარებულ და რამდენჯერმე გაუმჯობესებულ რეკორდებზე, დღეს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ახალგაზრდული ნაკრების „პერფორმანსისთვის" კი, გუნდის მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს, მადლობის პრიზი გადასცეს.


დღესვე, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში" გამოვლინდა წლის საუკეთესო მსაჯიც. გიორგი ყრუაშვილს, ჯილდო, ჯუნეთ ჩაქირმა, ქართველ მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა. ლეგენდარულმა თურქმა მსაჯმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ 2024 წელი საერთაშორისო სარბიელზე, მხოლოდ მსაჯთა წარმოჩენით არ უნდა შემოიფარგლოს და ისიც, სხვებთან ერთად, შეეცდება, რომ საქართველო უფრო ფართოდ ინტეგრირდეს საერთაშორისო სარბიელზე.


ამ „ფართო ინტეგრაციამდე" კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სთან ლაპარაკობს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ყველა ქვეყანა და ყველა გუნდი უნდა იყოს თანაბარ პირობებში და არანაირად დამოკიდებული იმ გარემოებაზე, თუ ვის როდის მოუნდება ჩივილი.


„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტექნიკური წაგება იმ გუნდს ჩაუთვალეს, რომელმაც ელიტ რაუნდის საგზური მოიგო. რომელმაც, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპი ითამაშა, გადალახა და მეოთხედფინალში იასპარეზა. სამწუხაროდ, პორტუგალიისა და ფინეთის ფედერაციების ძალისხმევით, რომლებმაც ჩვენს ნაკრებს უჩივლეს, მაშინ როცა სხვა ნაკრები გუნდებიც ასე თამაშობდნენ, ჩვენ ქულები ჩამოგვართვეს. მინდა, ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ადგილობრივსაც და ნატურალიზებულსაც, რომლებიც ყველა საქართველოს მოქალაქეები არიან, მადლობა გადავუხადო ისტორიული შედეგისთვის. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ მომავალი წლიდან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლი იწყება, ჩვენ ფინალურ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ. ჩვენ გავუხანგრძლივეთ ხელშეკრულება ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს და შევეცდებით იმ პროექტის გაგრძელებას, რადგან დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები მოწინავეთა შორის, რომელშიც პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის და მიღებული გადაწყვეტილების გამო დაგვაკლდა", - აღნიშნა დავით მუჯირმა, რომელმაც 2023 წლის საუკეთესო ფუტსალის ფეხბურთელს, გიორგი ღავთაძეს, პრიზი გადასცა.


ერთი საინტერესო დეტალი, დღევანდელი საღამოს ერთ-ერთი წამყვანი ბუდუ ზივზივაძე იყო. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა თვითმყოფადმა სახემ დღეს, ამ როლსაც კარგად გაართვა თავი და რაც მთავარია, ხაზი  გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს თამაშებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2024 წლის მარტში ელის.