საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე „მაკრონით“ იასპარეზებს
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე „მაკრონით“ იასპარეზებს
25.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2024 წელს, საერთაშორისო შეჯიბრების ათვლას საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები დაიწყებს. ჩვენი გუნდი, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინას, ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრებები იქნებიან.

„ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, პირველია ჩვენს ისტორიაში და უბრალოდ, რომ ვთქვათ, კი მზად ვართ, ალოგიკური იქნება. ერთია, რომ ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევით და რაც არ უნდა დაბალი დონის გუნდი იყო, სხვასთან შედარებით, ყოველთვის არსებობს შანსი მოგების. ასე, რომ ვართ შემართებით, არანაირი უკანდახევა და გვინდა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა საქართველო ვასახელოთ", - ამბობს გიორგი ცხოვრებაძე.



ქართული გუნდი, რომელმაც აღნიშნული ტურნირისთვის უკვე დაიწყო მზადება, გერმანიაში ახალი, „მაკრონის" ფორმით ითამაშებს. ეროვნული დროშის ფერებში გადაწყვეტილი ფორმებიდან, ჩვენი გუნდის მთავარი სათამაშო ფერი წითელი იქნება, მეორე თეთრი, ხოლო სათადარიგო მესამე - შავი. დიდი ალბათობით, სადებიუტო მატჩში, რომლითაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გახსნის და ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, თეთრი ფერის ფორმით იასპარეზებს.


აღნიშნული ფორმების პრეზენტაცია დღეს თბილისში, „ჰოლიდეი ინში" შედგა. თუმცა, ფორმები ფორმებად და დღეს, მთავარი მოვლენა, სწორედ, ეროვნული ნაკრების მოთამაშეების წარდგენა იყო, სპორტული საზოგადოების ნაწილისა და ქართული მედიისთვის.


„შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმალურად მოვემზადეთ. ხვალ, უკვე რუმინეთში ვიქნებით და იქ, პირველი გენერალური რეპეტიციაც იქ გვექნება. ვეცდებით ჩვენი პლუსები შევინარჩუნოთ, მინუსებზე ვიმუშაოთ, რადგან გერმანიაში, მეტად მობილიზებული და ორგანიზებულები წარვდგეთ", - ამბობს ტიტე კალანდაძეს, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




ჩვენი ნაკრები, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე შეუდგა ვარჯიშს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ჯერ 2023 წლის ბოლო სპარინგ ტურნირში, „კარპატის თასი" მიიღებს მონაწილეობა, რომელიც რუმინეთში, Pitesti Arena-ზე გაიმართება, 28-29 დეკემბერს  და მასში, რუმინეთისა და საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების გარდა, საბერძნეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებიც იასპარეზებენ. 2024 წლის დასაწყისში კი, სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც 3 და 6 იანვარს საუდის არაბეთსა და ქუვეითის ნაკრებებთან გამართავს სპარინგს.


უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე კი, რომელიც 2024 წლის 10-24 იანვარს გაიმართება, საქართველოს ნაკრებს, ჯგუფის თამაშების ჩატარება, ქალაქ მანჰეიმში, „Sap Arena"-ზე მოუწევს.


ევროპის ჩემპიონატზე, ქართული გუნდის სათამაშო კალენდარი ასეთია:


11.01.2024 / ნიდერლანდები - საქართველო

13.01.2024 / საქართველო  - შვედეთი

15.01.2024 / ბოსნია და ჰერცეგოვინა  - საქართველო




რაც შეეხება შემადგენლობას, ტიტე კალანდაძეს გამოძახებული ჰყავს მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (#12 / Azoty Pulawy, პოლონეთი), გიგი რუხაძე (#16 / Kutaisi 2015, საქართველო),  დავით ნიქაბაძე (#87 /  SGAU-Saratov); ხაზის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი (#18 / CB Puente Genil, ესპანეთი), გიორგი ლაპიაშვილი (#3 / BSB Batumi, საქართველო); მარცხენა უკანახაზელები:  ზურაბ გოგავა (#24 / LHC Cottbus, გერმანია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (#14 / GRK Ohrid, ჩრდ. მაკედონია), ზურიკო სიმონია (#94 / Kutaisi 2015, საქართველო); მარცხენა გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (#7 / MRK Iskra Bugojno, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ზურაბ აბრამიშვილი (#30 /  BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა გარემარბები: გიორგი დიხამინჯია (#71 / HK Lovosice, ჩეხეთის რესკუბლიკა), ირაკლი გოგოლაძე (#15 /  BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა უკანახაზელები: გიორგი ცხოვრებაძე (#11 / VfL Gummersbach, გერმანია), სანდრო დარსანია (#21 / OS Belenenses, პორტუგალია); ცენტრალური უკანახაზელი: ირაკლი კბილაშვილი (#10 / AHC Potaissa Turda, რუმინეთი), გიორგი არეშიძე (#9 / STU-Pegasi, საქართველო),მირიან გავაშელიშვილი  (#34 / RK Metaloplastika Sabac, სერბეთი).


ასპარეზობისთვის გუნდს ამზადებენ: მთავარი მწვრთნელი - ტიტე კალანდაძე, მწვრთნელი - შოთა თევზაძე, გუნდის უფროსი - მერაბ მეტრეველი, ექიმი - ლევან კაკუშაძე