შვიდი ტრადიციული ნომინაცია და ალექსანდრე ჩივაძის პრიზები, რომლელთაგან ერთ-ერთის, ოქროს მედლის მფლობელიც წლების წინ ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ზურიკო დავითაშვილთან (ვერცხლი) და გიორგი გულიაშვილთან (ბრინჯაო) ერთად (17-წლამდე ფეხბურთელებს შორის). სხვათა შორის, იმავე დარბაზში, სადაც 2023 წლის 28 დეკემბერს, 19:00 საათზე, GFF Awards 2023 გაიმართება და მიმდინარე საანგარიშო წელიც დაიხურება. ასე, რომ საინტერესოა, 2023 წლის ნომინაციის გამარჯვებული, 17-წლამდეთა შორის, რამდენიმე წელში, „კვარასავით" აალაპარაკებს საფეხბურთო სამყაროს, თუ „ჩივა", სახელობითი პრემიების დაწესების წელს დანაპირებს აასრულებს და ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც პრიზის აღების შემდეგ თამაშს მოუკლებს, დაუვლის და პრიზებს ჩამოართმევს. რა თქმა უნდა ეს ხუმრობით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, თბილისში, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში" ჩატარდება და გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
- 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
- 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
- 2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
- 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
- 2023 წლის საუკეთესო მსაჯი
- 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
- 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
- ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის
ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს და კიდევ რამდენიმე ჯილდოს თაობაზე აანონსებს - „უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები", იტყობინება სფფ-ს გვერდი.
აქვე შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე, GFF Awards-ი ცერემონიაზე, ეროვნული ლიგის საუკეთესოებსაც ასახელებდნენ, თუმცა, წელს პირველად, ეროვნული ლიგის ფეხბურთელები დამოუკიდებელ ღონისძიებაზე გამოავლინეს, რომელიც „შერატონში" დეკემბრის დასაწყისში გაიმართა.