საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა, 2023 წლის ბოლომდე თუ არა, ყოველ შემთხვევაში, საახალწლო დღეებში, აუცილებლად გახდება ცნობილი. ჩვენი ეროვნული ნაკრები, ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ციკლს უკვე, 2024 წლის თებერვალში იწყებს. გუნდი კი, ჯერ-ჯერობით მთავარი მწვრთნელისა და ნატურალიზებული ლეგიონერის გარეშეა. ბუნებრივია, თუ გაგვიჭირდა ისევ თად მაკფადენს მივაკითხავთ, რადგან კალათბურთელი უარზე არც ახლაა, ითამაშოს საქართველოს ნაკრების მაისურით, რომელიც მისთვის მშობლიურია. თუმცა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მედიასთან შეხვედრისას აღნიშნავს, რომ მოლაპარაკება სამ ამერიკელ კალათბურთელთან მიმდინარეობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მიაჩნია, რომ სელექციაში, გუნდის ახალი მწვრთნელიც უნდა იყოს ჩართული.
„ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ ოფიციალურად, მწვრთნელის ვინაობის დასახელებისგან ჯერ, ოფიციალურად თავს შევიკავებთ. შესათანხმებელია მცირე დეტალები, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შეთანხმება შედგა. დიდი ალბათობით, ამ წელიწადშივე ჩაიხურება მწვრთნელის ამბავი", - ამბობს სანიკიძე, მედიასთან, ყრილობის დასრულების შემდეგ.
ბუნებრივია, საინტერესო იყო ფედერაციის პრეზიდენტისგან მოსმენა, თუ რა დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. თუმცა, ვიკამ, ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურასთან დაკავშირებით აღარ შეიტანა.
კულუარული ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ირიბად მაინც გადავამოწმეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი, ისრაელში, თელ-ავივის „ჰაპოელში" მომუშავე ალეკსანდარ ჯიკიჩია. სერბი სპეციალისტის საქართველოში „გადმობარგების" შესახებ, დაახლოებით ერთი თვეა აქტიური ლაპარაკი მიმდინარეობს. თუმცა, იმავე ლაპარაკებიდან ირკვეოდა, რომ სერბს, ისრაელის მხარე ბლოკავდა. გამომდინარე იქიდან, რომ საკლუბო და სანაკრებო გზები ერთმანეთს ვერანაირად კვეთს და იმის ფონზე, რომ ფიბა-ს შიდა რგოლების ურთიერთობებშიც „დათბობა" დაიწყო, შესაბამისად, თუკი კალენდრების თანხვედრა იყო მიზეზი... მოკლედ, როგორც ჩანს ჯიკიჩს, ორი, საუკუნოვანად მეგობარი ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს „გაიყოფს". თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს, არც ჩვენ გავუსწრებთ და დაველოდებით ფედერაციისგან ოფიციალურ და დადასტურებულ სიახლეებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტის შესარჩევი მატჩების გარდა, 2-7 ივლისს, რიგაში, ოლიმპიადაზე მოსახვედრი საკვალიფიკაციო ეტაპი ელის, რომლის მოგების შემთხვევაშიც, საქართველოს კალათბურთის ნაკრები, სათამაშო სახეობებიდან პირველი ქართველი წარმომადგენელი იქნება ოლიმპიურ თამაშებზე. აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება კი, ჩვენმა ნაკრებმა წელს, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, პლანეტის 16 საუკეთესოში მოხვედრით დაიმსახურა. შესაბამისად, მწვრთნელი და ნატურალიზებული ლეგიონერის საკითხი ძალზედ აქტუალური, მნიშვნელოვანი და უპირველესია.
ეროვნული ნაკრების აღნიშნული შედეგი იყო, ერთ-ერთი საკითხი, იმ გრძელი სიიდან, რომელიც დღეს, „ქორთიარდ მერიოტში" 2022-2023 წლების შემაჯამებელ ყრილობაზე, ვიქტორ სანიკიძემ განსაკუთრებულად ხაზგასმით აღნიშნა. საერთო ჯამში, ყრილობამ განვლილი საანგარიშო წლები დადებითად შეაფას. პრეზიდენტმა ისაუბრა ასაკობრივი ჩემპიონატებში მონაწილეებისა და მატჩების ზრდაზე, ბავშვთა კალათბურთში მასობრიობის მატებაზე, მსაჯთა კორპუსის საერთაშორისო წარმატებებზე, ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასულ 16-წლამდელთა ნაკრებზე, თბილისში გამართულ 20-წლამდე და მთავარ ევროზე, რომელმაც სხვა სიკეთეებთან ერთად, ახალი ინფრასტრუქტურა დატოვა, ქართული კალათბურთის მე-100 წელს.