მამუკელაშვილის 14 ქულა 15 წუთში | კარტერის გამო ბითაძეს დრო შეუმცირდა
მამუკელაშვილის 14 ქულა 15 წუთში | კარტერის გამო ბითაძეს დრო შეუმცირდა
24.12.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ვიქტორ ვემბანიამას ტრავმა სანდრო მამუკელაშვილის შანსია. სან ანტონიოს ტრავმირებული ფრანგი ახალწვეული მარჯვება კოჭის ტრავმის გამო ვერ თამაშობს, მისი გამოთავისუფლებული მსუყე დროის ნაწილი კი ქართველ ფორვარდზეც ნაწილდება. ამჯერად სანდროს 15 წუთი შეხვდა, რომლის განმავლობაშიც 14 ქულა ჩააგდო.


აღსანიშნავია, რომ 11 ქულა მამუკელაშვილმა მატჩის ბოლო 5 წუთში ჩააგდო, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. სან ანტონიოს მეტოქე, დალას მავერიკსი 20-ზე მეტი ქულით იგებდა და ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ, რომელთაგან მამუკელაშვილი ყველაზე აქტიური და შედეგიანი იყო.


სანდრო მოედანზე პირველად პირველ პერიოდში გამოჩნდა და 6 წუთში 1 სამქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. დალას მავერიკსმა სან ანტონიოს 144-119 მოუგო, რაც ლუკა დონჩიჩს დიდი დამსახურებაა - 39 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.


ორლანდოში კი ქართველი კალათბურთელის ბედი პირუკუ შეიცვალა. გამოჯანმრთელდა ვენდელ კარტერი და მეჯიქის სასტარტო ხუთეულში სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიცია დაიკავა. მეორე მატჩია კარტერი ხუთეულში იწყებს, ბითაძის სათამაშო დრო და შედეგიანობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჯერად ორლანდომ სტუმრად გოგას ყოფილ გუნდს, ინდიანას მოუგო  117-110.


სასტარტო კარტერს ბევრი არ უთამაშია - 16 წუთში 4 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. თუმცა ბითაძესაც არ ერგო ბევრი დრო: ქართველმა ცენტრმა 11 წუთში 1 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძეს თამაშიდნ არ შეუტევია. მან 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.