საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს 2023 წლის საუკეთესოები გამოავლინა სპორტის ოლიმპიურ სახეობებში. მოცემულობა, არც ამჯერად შეცვლილა და წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს. ქართველი ძალოსანი რომელსაც პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობითაც ძვრას ვერ უშვებიან, ქართული და მსოფლიო ძალოსნობის ისტორიის წერას განაგრძობს და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის წინა, შემაჯამებელ წელს კვლავ „მესის" ამპლუაშია ქართული სპორტული სამყაროსთვის.
ბუნებრივია, ეს ქართველი რეკორდსმენისთვის ეს ერთგვარი ნდობა და სტიმულია, მომავალი თამაშების წინ, თუმცა, ამ ერთფეროვნებით, უთქმელად, მაგრამ მაინც ალბათ, შესაძლებელი იყო სანდრო ბაზაძესთვის გაენაწილებინათ, ქართველი მოფარიკავესთვის, რომელიც ბოლო წლებია სასწაულებს ახდენს და ფარიკაობაში ავტორიტეტულ და გამომდინარე იქიდან, რომ სპორტის ეს სახეობა კლიშეებშია ჩამჯდარი, ებრძვის მეტოქეს და მსაჯებს ერთად. სანდროს ამ დღეს, ე.წ. ოთხწლიანი ციკლი შეუჯამეს და ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის გადასცეს პრიზი.
ტრადიცია, უფრო ზუსტად, ბოლო წლების არც ამჯერად დაირღვა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ალბათ, ამ მხრივ, ცალსახად არჩევანის მომხრე ვარ, რადგან ის შრომა (მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და თან ბრძოლა), რომელსაც აღნიშნული ფედერაცია ეწევა, ჯერ კიდევ არ ჩანს და „ყინულის ძირშია". თუმცა, რაც ჩანს, ანასტასია გუბანოვაა, რომელიც წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს.
ალბათ, 2023 წელს, ქართველები თუ ვამაყობდით და სადაც არ უნდა წასულიყავი მისი სახელი ეკერა ყველას პირზე, ხვიჩა კვარაცხელია იყო. ფეხბურთიც ოლიმპიური სახეობაა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებული ნინო სალუქავძე გახდა. ქართველი მსროლელი ქალი, რომელმაც ქართველთანგან ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა პარიზის თამაშების ლიცენზია და ამასთან მომავალი ოლიმპიადა გამოცდილი სპორტსმენისთვის რეკორდული იქნება. ასე, რომ ამ ნომინაციაშიც, ორი გამარჯვებულის დასახელება აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა.
და რადგან სიტყვამ „კვარა" მოიტანა, აქვე ვიტყვი, რომ 2023 წელი საქართველოსთვის საფეხბურთო კუთხითაც იყო გამორჩეული. საქართველომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა, ამასთან, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, მატჩებზე დასწრების რეკორდი რეკორდზე მოხსნა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 4 ოლიმპიური საგზური თამაშდებოდა სულ ცოტა დააკლდა... ეს ისე, საფიქრელად, იქნებ წახალისების მხრივ, საუკეთესო მწვრთნელად, სწორედ, 21-წლამდე ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი დასახელებულიყო, რომელმაც გუნდთან ერთად, შეუძლებელი შეძლო და საქართველო საფეხბურთო, საოლიმპიადო ორბიტას მიუახლოვა?
რამდენიმე დღის წინ, სტატისტიკური კვლევების ბიურომ Gracenote-მა და კომპანია Nielsen-მა, მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 10 მედალი და მათ შორის 4 ოქრო უწინასწარმეტყველეს. ალბათ, ამ ოქროებიდან წილი ტალახაძეზე მოდის. დანარჩენი კი, დიდ ალბათობით ძიუდოზე? თუმცა... აქ, წინა წლებისგან განსხვავებით, შორიდან მაცქერლებს, ინდივიდუალურ ასპარეზობებში, ჩვენების 2023 წელი ცოტა უფრო მეტ კითხვის ნიშანს გვიჩენს და წაგებულ ფინალებთან შესაბამისობაში, უფრო ვერცხლისკენ გვწონის. საწყენად არა, მაგრამ ძიუდოისტებისგან მაღალ სტანდარტს ვართ მიჩვეულები და მედლის სინჯებიც უფრო მაღალი და რაც შეიძლება ბევრი გვინდა.
და ბოლოს, მივესალმებით, რომ გამოჩნდა ორი ახალი სახე, მარიამ რაგიმოვი და გიორგი თოხაძე და ალბათ, ასევე მივესალმებით, ახალი, დროსთან მისადაგებულად, ახალი სახეების და ორგანიზაციების წამოწევას ე.წ. მარკეტინგულ ჭრილშიც. მაგალითად, მედიის მოქმედი წამომადგენლის, თუნდაც ფოტო ჟურნალისტის თამარ ყულუმბეგაშვილის შრომის დაფასება, რომლის მიერ გადაღებულ ფოტოებს 2023 წლის IJF-ის ეგიდით გადაღებული შეჯიბრებიდან „ვოლიდან ვოლზე" აფრიალებს სრულიად ქართული სოციალური ქსელი... ან ხატია ჯიჯეიშვილი, რომელმაც მართალია შარშან მაგრამ ქართველი ფოტოჟურნალისტებიდან პირველია ვინც გუბანოვას გამოსვლები ფირზე ასახა და ახლაც წარმატებულად და აღიარების გარეშე შრომობს ქართული სპორტისთვის. ბობოლა ორგანიზაციისგან განსხვავებით, ისეთი ბიზნესის სტიმულირება, რომელიც შესაძლოა ერთ უმნიშვნელო აგურს დებს, სპორტის ამა თუ იმ სახეობისთვის, მაგრამ შენობა ხომ ამ აგურებით შენდება? თუმცა, სხვა მხრივ, მიღებული გადაწყვეტილებებიც გასაგებია.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:
2023 წლის აღმოჩენა-,,ოლიმპიური იმედი" (გოგონა) - მარიამ რაგიმოვი, ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი,
2023 წლის აღმოჩენა-,,ოლიმპიური იმედი" (ვაჟი)- გიორგი თოხაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.
2023 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი - საქართველოს ძიუდოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გუნდი, 2023 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის და მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი.
ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დამსახურებული სპორტული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე.
2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი.
2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გუბანოვა, ფიგურულ ციგურაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.
2023 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის - სანდრო ბაზაძე,
ოლიმპიური სპორტის მთავარი მხარდამჭერი - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი
2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე
ქართული სპორტის სიამაყე - ნინო სალუქვაძე
ფოტო: © საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი