მერე არ თქვათ, რატომ არავინ თქვაო...
მერე არ თქვათ, რატომ არავინ თქვაო...
22.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამი ლიგა, მთავარში 16 ტოპ კლუბი, მხოლოდ, ყველა ქვეყნის ჩემპიონი იქ ვერც კი „მისუნავს", ქვედა ორი ლიგა 16 და 32 გუნდით, რეგულარული ჩემპიონატის ფორმატი და დაწინაურება-დაქვეითების პრინციპი; „უფასო" სატელევიზიო სივრცე, სადაც გადაიცემა მატჩები როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდების მონაწილეობით (უფასო გულშემატკივრისთვის, თორემ იქ, რეკლამაც ოხრად გაიყიდება და საკმაოდ სოლიდურ თანხადაც), ეს არის კიდევ ერთი პერსპექტივა, რომელსაც ე.წ. სუპერლიგის პროექტის ორგანიზატორები ფეხბურთის გულშემატკივარს სთავაზობენ. ფიფა-სა და უეფა-ს მხარდამჭერი და ასეთი არის უმრავლესობა (გამონაკლისებზე ოდნავ ქვევით შევეცდები ავხსნა და ასევე, შევეცდები, მარტივად, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანისთვის, დავწერო მთელი ეს სტატიაც) მიიჩნევს, რომ მსგავსი ტურნირი ეროვნული ჩემპიონატების მიმართ ინტერესს შეამცირებს.


თუმცა, საქართველოს, სადაც სტადიონებზე ხალხს, ისედაც ეზარება ელიგის, ან რომელიმე სხვა, ქართული ლიგის მატჩებზე სიარული და დიდად, არც ეროვნული ლიგის ტრანსლაციების ყურებით (რასაც წლებია სფფ ახერხებს არ მოაკლოს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს) იკლავს თავს, შესაბამისად, აინტერესებს ყველაფერი, საკუთარის გარდა (იშვიათი გამონაკლისი ქომაგი არ მყავს მხედველობაში) და საკუთარზე, მხოლოდ აუგად და თან, მენტორისა და მტკიცებითი ტონით გელაპარაკება სოციალურ სივრცეში, სუპერლიგის არსებობა, არარსებობით ბევრი, არც არაფერი დააკლდება. თუმცა, არის ერთი რამ - თუკი, ასეთი ტურნირი მართლა ამოქმედდა, იქ მოასპარეზე რომელიმე კლუბში კი, ქართველი ითამაშებს, თანაც უეფა და ფიფა პირვანდელ მიდგომას „მიაწვება" (ფიფა-სა და უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე, მათ შორის სანაკრებო ტურნირები იგულისხმება), ჩვენ ტოპ კლუბებში მოთამაშე  (თუკი ასეთი გვეყოლება) ქართველ ფეხბურთელებს დავკარგავთ. ახლა უფრო მარტივად, სიტყვაზე „მამარდა" გადავიდა „რეალში"? ხომ ძალიან მაგარია?  ან „კვარას" "ნაპოლი" ჩაერთო სუპერლიგაში? მაშინ, ჩვენ, საქართველო (ნაკრები მყავს მხედველობაში) ამ ფეხბურთელებს დავკარგავთ  - საქართველოს ნაკრებში ვეღარ ვათამაშებთ! ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნები აუცილებლად დადგებიან... რა რეაქცია გვექნება მაშინ, ძირითადად სოცქსელში? ვისაც არ ეზარება, ყველა დაიწყებს ფედერაციის ლანძღვას და განტევების ვაცის ძებნას. ხომ ასე იქნება?


იმედია, აქამდე, ყველაფერი გასაგებად დავწერე. ამიტომ, ახლა, „ლა გაზეტა დელო, სპორტის" ერთ-ერთ სტატიაში დასმული კითხვებით განვაგრძობ და შევეცდები მცირედი განმარტებითი კომენტარებიც დავურთო. ცნობილი იტალიური გამოცემა, წერს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც „ფეხბურთის შეცვლა" შეუძლია და ეს, რეალობაა (საქართველო რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი სწორედ უეფა-სა და ფიფა-ს სოლიდარობის ფრთის ქვეშ მოახერხა გაეკეთებინა, ამაზე ალბათ სხვა სტატიაში),  ჯერ მხოლოდ ფურცელზეა და შობის დღეებში, საშობაო ნაძვის ხის ძირში დადებულ იმ „საჩუქარს" ჰგავს, რომელის დანახვაც გიხარია, თუმცა, ალექსანდ ჩეფერინის სიტყვებს იშველიებენ აქ,  „როდესაც გახსნი, ნახავ, რომ ყუთში, თითქმის არაფერიაო". რატომ არ არის „თითქმის არაფერი" ყუთში, რომელიც გარედან ასე ლამაზი და მიმზიდველია? ალბათ, ამ კითხვაზე საპასუხოდ, არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩების ანგარიშები, ფეხბურთელები და ახლა მოდაში შემოსული ტრანსფერში გახარჯული თანხების ზუსტი ოდენობა უნდა გახსოვდეთ... მოედნის მიღმა, უზარმაზარი სამუშაოა, უზარმაზარ ხარჯთან დაკავშირებული, რომელიც ისეთი რუტინაა, ბევრისთვის „ესეა რააა" თემაა.


ახლა კითხვები, რომლებიც ამ ტურნირის პროექტის გახმაურების დღიდან დადგა და მათ შორის უმთავრესი კითხვა: თუკი მატჩების ტრანსლირება ტოპ კლუბებს შორის იქნება უფასო, მაშინ ეროვნული ჩემპიონატების თამაშების საყურებლად ლოკალური ქომაგი რამდენს გადაიხდის? როგორ გაყიდის ლიგა ცალკეული ეროვნულ ჩემპიონატების საშინაო და საგარეო თამაშების სატელევიზიო უფლებებს? რა ფასად?  და რას მოიმოქმედებენ კლუბები, რომლებიც ამ რესურსით მოახერხებენ გადარჩენას? და ბოლოს კიდევ ერთი კითხვა, სადამდე „გაქაჩავენ" სპონსორები? ვინ დააყენებს საკუთარ ბიზნეს მსგავსი რისკების წინ? ამ პროექტის მიღმა, სხვა ორგანიზაციებიც ხომ არ დგანან, მაგალითად არაბულები? ამ სუპერლიგაში, მოგვიანებით, არაევროპული კლუბებიც ხომ არ დაიწყებენ თამაშს?


ეს არის კითხვები, რომელსაც იტალიური და არა მხოლოდ, გამოცემები სვამენ. ჩვენ ვამატებთ ერთს, უბრალოდ ქართული გარემოსთვის საფიქრალს - იქ, სადაც არანაირ ბიზნეს არ უნდა სპორტში, არა მხოლოდ ფეხბურთში „ფულის ჩადება", იქ სადაც რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა კლუბი პირღია შაშვებივით შეჰყურებს საფეხბურთო პირამიდიდან გადმოგდებულ ლუკმას (მათ შორის ინფრასტრუქტურული კუთხით), იქ სადაც ახლა მიიკვლევ გზას და ცდილობ ადგილის დამკვიდრებას,  როგორ ფიქრობთ, ქართულ ფეხბურთს რა სარგებელი ექნება სუპერლიგიდან, რომელსაც ერთი მეორეს მიყოლებით ტოპ ევროპული კლუბები ეწინააღმდეგებიან?


უბრალოდ, კითხვა დავსვი. უფრო ზუსტად, კითხვები გასააზრებლად და ცოტა IQ-ს „დასატრენინგებლად" (გასავარჯიშებლად რომ დამეწერა, ბევრი არ მიაქცევდა ყურადღებას). მანამდე კი, ვისაც გიხარიათ და უეფა-ს, ფიფა-ს, ეროვნული ფედერაციების, საფეხბურთო კონფედერაციების, კლუბების უმეტესობის აზრი გე-ჰა-ჰა-ვებათ, იფრინეთ ფლორენტინო პერესის რეალურად ირეალურ ავანტიურასთან ერთად, თან ისე, მადრიდში ჩასულები, ესაო და ძვირიაო, „ბერნაბეუს" მუზეუმის წინ, ჰა-ჰაა ლუდს თუ დალევთ, სელფს გადაიღებთ, დაჩექინდებით, მუზეუმში შესასვლელად კი, 30 ევროს ვერ გაიმეტებთ. ჰო, თუ მაინც გარისკეთ და პერესის ყულაბაში, ეს არაფრის მთქმელი თანხა გაიღეთ, მერე იქ შესულები, მონეტების მოსაჭრელად, ალბათ, მაინც არ გაიმეტებთ ევროიანებს და არც, 15 ევროს გადაიხდით მწვანე ფონის წინ კამერასთან, სადაც ფოტოშოფში მოდრიჩს ამიგიყენებენ გვერდით, მერე კი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასთან ფოტოს გადაღებას „შემოგტენიან" (არა თუ არ გინდა, ბოლოს, არ გადაიხდი ამ თანხას და გამოხვალ ფოტოს გარეშე).  საერთო ჯამში, თუ მუზეუმში შესვლა გარისკე, ამ 30 ევროს მინიმუმ 46-50 ევრო კიდევ ემატება მუზეუმიდან გამოსვლისას. ბოლოს, კიდევ მინიმუმ,  50 ევრო ფან-შოპში ჩავლისას და საბოლოოდ, უხეშად რომ დავთვალოთ, თუ გიყვარს ეს სფერო 120 ევროში ზიხარ კაცი. ეს უბრალო არითმეტიკაა, რომელიც „რეალის" დონის გუნდს, ყოველდღიურად დამატებითი და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს. კი, ჩვენნაირები თუ ცოტა რისკავს ამ თანხის გადახდას (მე გადავიხადე, ფოტოების გარდა, რადგან პროფესიიდან გამომდინარე ფეხბურთელების და თასების ფოტოები არ მაკლია), რისკავენ არაბული ქვეყნებიდან ტურისტები, რომელიც უფრო მეტი შედის მსგავს მუზეუმებში, ვიდრე სხვა, თუ ის არ არის კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მადრიდის „რეალის" ფანი.


ასე რომ, სანამ ეს ყველაფერი გააზრებული და აწონ-დაწონილი არ გაქვს და ჯერ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, მხოლოდ ფურცელზეა, იფიქრე, ეცადე უპასუხო კითხვებს (მარტივად დაგუგლე და კალკულატორზე დაიანგარიშე) დაელოდე და მერე ახმაურდი!