„ვიმედოვნებ, რომ იციან რას აკეთებენ, თუმცა ამაში არ ვარ დარწმუნებული. ჩვენ არ შევეცდებით მათ შეჩერებას. შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ. მჯერა, ისინი რაც შეიძლება მალე დაიწყებენ შესანიშნავ ტურნირს, ორი გუნდის მონაწილეობით" - ასეთია ალექსანდრ ჩეფერინის, უეფა-ს პრეზიდენტის პასუხი, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დღეს გაკეთდა.
ევროპულ სასამართლოში, სწორედ, დღეს გამოაცხადეს გადაწყვეტილება საკითხზე, რომელსაც აღნიშნულ ორგანიზაციაში, ევროპის სუპერლიგის იდეის ავტორთა საჩივრის შედეგ განიხილავდნენ. მომჩივანი, ფიფა-სა და უეფა-ს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში ადანაშაულებდა. კერძოდ, მას შემდე რაც ფიფა-მ და უეფა-მ ვეტო დაადო სუპერლიგის პროექტს, რომლის ინიციატორი 12 ევროპული კლუბი იყო, ბოლოს კი მხოლოდ, „რეალი" და „ბარსელონა" შემორჩნენ, სამართლის საძებნელად, ავტორებმა სწორედ, ევროსასამართლოს მიაშურეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ლიგაში მოასპარეზე კლუბებს (შესაბამისად ფეხბურთელებს) უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში ასპარეზობა ეკრძალებოდათ.
„უეფა-სა და ფიფა-ს წესები ეწინააღმდეგება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ნორმებსა და სერვისის თავისუფლად მიწოდების უფლებას", - ეს არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოკლე ანოტაცია, რომელიც შესაბამისმა ორგანონ, დღევანდელი დღის დასაწყისში პრეს-რელიზის სახით გაავრცელა.
კლუბები თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებშიო, ეს კი, მადრიდის „რეალის" პრეზიდენტის პერესის პოზიციაა, რომელიც „სუპერლიგის" იდეის ერთ-ერთი თავგამოდებული მებრძოლია და უეფა-სა და ფიფა-ს ე.წ მონოპოლიისაგან უნდა განთავისუფლდეს და საკუთარი „სოლიდარობის პირამიდა" განავითაროს, რომელიც თუ დავუკვირდებით, ისევე როგორც ფიფა და უეფა, გეგმავს ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანას, სამდივიზიონიანი ტურნირის მოწყობას და მათში მონაწილე კლუბების მხარდაჭერას.
ამასობაში, უეფა-ს ოფიციალური საიტი იუწყება, რომ ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება ევროპული ტოპ კლუბების „სუპერ ლიგასთან" დაკავშირებით, არ შეიძლება იყოს ცალსახად აღნიშნული ტურნირის მხარდამჭერი. ევროპის ფეხბურთის სახლში აცხადებენ, რომ ეს, უეფა-ს სავარაუდო ავტორიზაციის პროცესში არსებულ სისტემურ ხარვეზთან დაკავშირებული საკითხია, რომელზეც 2022 წლის ივნისში იმსჯელეს. უეფა დარწმუნებულია, ორგანიზაციის ახალი წესების საიმედობაში. კერძოდ, მათი ყველა კანონისა და დებულების ევროპულ კანონებთან და წესებთან შესაბამისობაში.
ამასთან, უეფა ურყევია თავის პირველად გადაწყვეტილებაში დაიცვას ევროპული ფეხბურთის პირამიდა, რომელიც მომავალშიც საფეხბურთო საზოგადოებრივი ინტერესებისთვის კვლავ იმუშავებს. ევროპის ფეხბურთის სახლში აცხადებენ, რომ უეფა აგრძელებს ევროპული სპორტული მოდელის შენებას ეროვნულ ფედერაციებთან, ლიგებთან, კლუბებთან, გულშემატკივართან, მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან, ევროკავშირის ინსტიტუციებთან, ქვეყნების ხელისუფლებებთან და პარტნიორებთან ერთად.
„ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობაზე დაფუძნებული ევროპული ფეხბურთს პირამიდა, რომელიც გულშემატკივარმა და ყველა დაინტერესებულმა მხარემ მოდელად აღიარა, იქნება დაცული და ევროპული და ეროვნული კანონმდებლობების განხეთქილების გამო, მას საფრთხე არ შეექმნება", - წერია უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.
პროცესი არ დასრულებულა, საფეხბურთო წრეებში ფიქრობენ, რომ სუპერლიგის ორგანიზატორებმა შესაძლოა ბრძოლა მოიგეს, თუმცა, საბოლოოდ, მათ ომი წააგეს, რადგან ის კლუბებიც კი, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ესპანეთიდანაც კი, რომლებიც თავდაპირველად მათ გვერდით იყვნენ, დღეს უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე უარის თქმას არ აპირებენ.
ისე, უეფა-სა და ფიფა-ს წესებში, რომ ბევრი დეტალი დასახვეწია, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე და ხშირად, ორმაგ სტანდარტთან გვიხდება შეხება, ეს, საქართველო ფუტსალის „დასჯილი" ნაკრების მაგალითზეც მშვენივრად დავინახეთ.
თავის მხრივ, დღევანდელ ამბებს ეხმაურება ფიფაც. მსოფლიო ფეხბურთის სახლში თვლიან, რომ ახლა ისინი უეფა-სთან და სხვა კონფედერაციებთან კოორდინაციაში გაანალიზებენ ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებენ საკუთარ მოსაზრებას.
ფიფა იხელმძღვანელებს საკუთარ წესდებასთან შესაბამისობაში, რომელიც ეფუძნება სპორტის ხასიათს, ასევე პირამიდულ სტრუქტურას, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება სპორტულ მიღწევებს, შეჯიბრობითობას და ფინანსურ სოლიდარობას.
„ფეხბურთი გრძელი და წარმატებული ისტორიიდან, ზემოთაღნიშნული პრინციპებიდან გამომდინარე, ფიფა, კონფედერაციები და წევრი-ასოციაციები ვალდებულნი არიან მომავალშიც გააგრძელონ მსოფლიოს მასშტაბით, ფეხბურთის გულშემატკივრის ინტერესების სტიმულირება", - წერია ფიფა-ს საიტზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში.
სტატიაში გამოყენებულია © newsbeezer.com / © UEFA / © FIFA ფოტოები