საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ბოლო შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები 2-1 დაამარცხა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელსაც პორტუგალიას საჩივრის საფუძველზე (გუნდში ჭარბი ლეგიონერების არსებობა) სამ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში გაუუქმეს, შესაბამისად ჩამოაჭრეს 4 ქულა, ხოლო თამაშებში ტექნიკური წაგებად ჩაუთვალეს, მრისხანე მეტოქესთან ფრთხილად დაწყო. ალბათ, ფუტსალის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 4-2 დასრულდა პორტუგალიელთა სასარგებლოდ. ამ შეხვედრაშიც, ფავორიტი, სწორედ სტუმარი გუნდი იყო.
თუმცა, საქართველოს ნაკრებში, რომელსაც დღეს მატჩის განაცხადში, მხოლოდ ორი ნატურალიზებული ფეხბურთელი, რონინიო და ჩიმბა ჰყავდა, ამასთან გუნდთან ერთად არ იყო არც ზვიად კუპატაძე ნელ-ნელა სიფრთხილე სითამამით შეცვალა და მეტოქეს შეუტია. მატჩის შემდეგ, ტექნიკურ ოქმში, რომელიც უეფა-ს ვებ-გვერდს აქვს გამოქვეყნებული, პორტუგალიელებს მხოლოდ 3 დარტყმით მეტი აქვთ შესრულებული, აქედან ერთი გატანილი, ჩვენ კი საბოლოოდ, ორი. ალბათ, ისიც აღსანიშნია, რომ არა, პორტუგალიელთა მეკარე ედუ, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. ბუნებრივია, თორნიკე ბუკიასაც მოუწია გარჯა და ამოცანასაც მშვენივრად გაართვა თავი. ალბათ, უფრო მეკარეების დამსახურებით, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმი, პორტუგალიელებმა ისევ აქტიურად დაიწყეს და ბუკიას თავგანწირვის მიუხედავად, 21'51'' ნევეშმა ანგარიში გახსნა. ასათიანის გუნდმა, რომელსაც რეალურად ელიტ რაუნდის მსვლელობის დროს მოუხდა, ამ შემადგენლობაზე გადაწყობა თამაში 30-ე წუთის შემდეგ, საბოლოოდ დაალაგა. პორტუგალიელებმა კი, „თავი ქუდში" იგრძნეს და ეს მომენტი გაეპარათ. შესაბამისად, ქართველთა მცდელობებმაც შედეგი გამოიღო. 32'43'' ჩიმბამ გაათანაბრა. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, გიორგი ღავთაძემ მეორე გოლი გაიტანა, ეს ქართველის მიერ გატანილი უკვე მე-4 გოლია. აღსანიშნავია, რომ ღავთაძის გოლამდეც და მას შემდეგაც, რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა ვახტანგ ჯვარაშვილსაც.
საქართველოს ნაკრებმა 2-1 მოიგო და ჯგუფი მესამე ადგილზე, 6 ქულით დაასრულა და ამასთან ერთად, დაასრულა პორტუგალიის ნაკრების წაუგებელი ციკლიც, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა. როგორც ჩანს, პირველი თამაშის შემდეგ, პორტუგალიელები მიხვდნენ, რომ საქართველოში, გასვლაზე, ნატურალიზებულ ფეხბურთელებით გაძლიერებული მეტოქესთან გაუჭირდებოდათ, შესაბამისად, ყველა ღონე იხმარეს, რომ ეს დისკომფორტი თავიდან აეცილებინათ. თუმცა, ვერ გათვალეს და ვერ გადაეწყვნენ, ნაკლებად ცნობილი, ქართული ფუტსალის ლიგის მოთამაშეებთან საპაექროდ.
ახლა, საინტერესოა, პორტუგალიის ნაკრები, რომელსაც ჯგუფში ქულების მაქსიმუმის აღებაში ხელი, სწორედ, საქართველოს ნაკრებმა შეუშალა. „შეგვარგებს" ამ გამარჯვებას, თუ კიდევ, რაიმე სარჩულით, მორიგ საჩივარს შეიტანს საორგანიზაციო კომიტეტში.
აქვე გეტყვით, რომ ჯგუფშის კიდევ ერთ შეხვედრაში, ფინეთი და სომხეთი უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, სომხები სათამაშოდ არ წავიდნენ და დიდი ალბათობით, მათ ტექნიკური წაგება, ფინეთს კი, მორიგი და ჩვენი აზრით, „დაუმსახურებელი" 3 ქულა ჩაეწერება, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან ერთად.
მატჩის ფოტო-ამბავი (რედაქტირებული)