ვირტუსი ბოლონიაში უშუალო კონკურენტ ვენეციასთან ოვერტაიმში დამარცხდა
ვირტუსი ბოლონიაში უშუალო კონკურენტ ვენეციასთან ოვერტაიმში დამარცხდა
17.12.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია


იტალიის სერია A-ს ერთ-ერთმა მოწინავე გუნდმა, თორნიკე შენგელიას ვირტუსი უშუალო კონკურენტთან დამარცხდა. ბოლონიელებმა მათსავით 8 მოგებისა და 3 მარცხის მქონე ვენეციას უმასპინძლეს და დამატებით დროში, მინიმალური სხვაობით - 84-85 დამარცხდნენ. სამწუხაროდ არ უთამაშია გიგა ჯანელიძეს, რომელიც ვენეციას განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.


მატჩი ვენეციელთა უპირატესობით დაიწყო, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 23-15 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედში „ვირტუს ბოლონიამ" შეხვედრაში ეტაპობრივად დაბრუნება მოახერხა. ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეოთხე მეოთხედში, როდესაც „ვენეცია" 10 ქულითაც კი იყო წინ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს - 80-80.


ოვერტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე ვირტუსი წინ იყო, 84-83, თუმცა „ვენეციის" მოთამაშემ, კანადელმა ვილტიემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.


შენგელია ტრადიციულად „ვირტუსის" სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 10 ორქულიანიდან 5 ჩააგდო, 2 სამიანიდან კი 1 გამოიყენა.


ამ წაგებით „ვირტუს ბოლონია" მე-4 ადგილზე დაეშვა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 23 დეკემბერს, სტუმრად პისტოიას დაუპირისპირდება.