საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, სომხეთის წინააღმდეგ, შეხვედრის ბოლოს, ქულის გადასარჩენად გარისკა და ორბურთიანი სხვაობით წააგო. მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ბოლოს წინა მატჩი დღეს, ერევანში გამართა და 3-1 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელიც 2-1 აგებდა, მატჩის ბოლო წუთებში მოედანზე მეხუთე მოთამაშე გამოუშვა და ქულის გადარჩენას შეეცადა, თუმცა, სომხებმა ერთ მომენტში მოახერხეს ბურთთან შეხება და საკუთარი საჯარიმოდან ჩვენს ცარიელ კარში გადაგზავნა. სხვა მხრივაც, დღეს, ალბათ, არავის ეწყინება, მაგრამ ჩვენი გუნდი, ოდნავ ფრთებშეკვეცილი მომეჩვენა. ასათიანის გუნდს, აკლდა, ის ნაპერწკალი, რომელიც ბოლო წლებია ჩვენი ნაკრების დამახასიათებელი ნიშანია. ეს განწყობა თამაშზეც აისახა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში 7 ქულით მეორე ადგილზე იყო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლის კარგი შანსი გვგქონდა, თუმცა, პორტუგალიელებმა, რომლებსაც თბილისში, 20 დეკემბერს უნდა ვეთამაშოთ ნატურალიზებული ფეხბურთელების სიუხვის გამო გვიჩივლეს, უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, საქართველოს ნაკრებს, პორტუგალიასთან ისედაც წაგებულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ წაგება ჩაუთვალეს, მხოლოდ გატანილი გოლებიც ჩამოაჭრეს და პორტუგალიას ერთი დაუმატეს. ესეც არ გვაკმარეს, და ფინეთთან აღებული 4 ქულა გაგვიბათილეს და იქაც, თითო მატჩში, 0-5 წაგება გაგვიფორმეს. ბუნებრივია, ქართულ მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს, თუმცა, პასუხი, არ არის, „ქარავანი კი მიდის".
სხვათა შორის, იმავე საბაბით დააჯარიმეს სომხეთიც. თუმცა, სომხებმა დღეს, მაინც ათამაშეს ნატურალიზებული 6 ბრაზილიელი და 2 რუსი. საქართველოს ნაკრებში დეკემბრის შეკრებაზე ავთანდილ ასათიანს, ნატურალიზებულებიდან მხოლოდ რონინიო, ჩიმბა, ბრუნო გომესი და ბრუნო პეტრი ჰყავთ გამოძახებული.
„იმის ფონზე, რაც ახლა ხდება და ისეთ ძლიერ გუნდთან, რომელიც სომხეთმა დაგვახვედრა (ჰყავდა ყველა ლეგიონერი) ბიჭებს, მადლობის მეტს ვერაფერს ვეტყვი. იმ ბიჭებმა კიდევ, ვისაც მეტი სათამაშო დრო მიეცათ, სამომავლოდ, იმედი მომცეს. შესაბამისად, იმ თამაშით და ანგარიშით, იმის ფონზე, რაც ორი თვეა ჩვენს გარშემოა, მისაღებია ანგარიში", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან საუბარში.
საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი შემადგენლობით დაწიყო: კუპატაძე, ჩიმბა, ღავთაძე, თოდუა, პეტრი. ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თუმცა, ჩვენებმა მალევე მოახეხრეს გათანაბრება. ჩიმბას აქტიურობას 8'47'' ღავთაძის გოლი მოჰყვა. მთლიანად შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობები, თუმცა, ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდებოდა. აი, სომხებმა კი ორი გოლი გაგვიტანეს და საბოლოოდ მოიგეს.
საქართველოს ნაკრები, მომდევნო მატჩს, 20 დეკემბერს, თბილისში, მომჩივანი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. იმას გარდა, რომ თბილისში, ფუტსალში მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჩამოდის, ამ თამაშზე, საქართველოს ნაკრების გვერდით დგომა, უბრალოდ, პრინციპის თემაა.
რაც შეეხებათ სომხებს, მათ ბოლო შეხვედრა ფინეთში აქვთ გასამართი, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სომხეთის ნაკრები, ფინეთში ჩასვლას არ გეგმავს.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ-იუგრა", რუსეთი), თორნიკე ბუკია („აქტობე", ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), ირაკლი თოდუა („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჩიმბა („გაზპრომ-იუგრა", რუსეთი), რონინიო ('ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ბრუნო გომესი („პალმა", ესპანეთი), ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), ბრუნო პეტრი („პიროსიჯენო", იტალია), არჩილ სებისკვერაძე („ვიტებსკი", ბელარუსი), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ვახტანგ კეკელია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი)