#თოკო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია" „ოლიმპია მილანოს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80-82 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უკანასკნელ მეოთხედში ანგარიში რამდენჯერმე თანაბარიც იყო, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდმა გადამწყვეტი ქულების აღება ვერ მოახერხა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.
„ვირტუსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო 16 ქულით. რაც შეეხება „მილანოს", მასპინძლებს ნიკოლო მელიმ ულიდერა 15 ქულით.
ამჟამად „ვირტუს ბოლონიას" 8 მოგება და 3 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი Lega A-ში მეორე ადგილზეა. შენგელიას გუნდი მხოლოდ „ბრეშას" ჩამორჩება.
#შერმო
გიორგი შერმადინის ტენერიფემ ლიგა ენდესაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მეტოქე საკმაოდ ძლიერი ბასკონია იყო, რომელსაც ტენერიფელები სტუმრად, ვიტორიაში ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში 100-104 წააგეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:54 წუთში 13 ქულისა და 6 მოხსნის დაგროვება მოასწრო. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3-ჯერ ისროლა და სამივეჯერ ზუსტად. აღსანიშნავია, რომ ის მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.
რაც შეეხება შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ ტენერიფემ მეტოქეს სამი მეოთხედი მოუგო, მეორე პერიოდში ბასკონიის 12 ქულით წინ გასვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ყველაზე შედეგიანი 27 ქულით ტენერიფეს ხაიმე ფერნანდესი იყო, გამარჯვებული გუნდიდან კი 25 ქულით ვანია მარინკოვიჩი გამოირჩა
ამ მარცხის შემდეგ შერმადინის გუნდი 6 მოგებითა და 7 მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ტენერიფე 16 დეკემბერს მანრესას წინააღმდეგ გამართავს.
ვიდეო-კადრები შერმოს მატჩიდან