ქართული vs ლეგიონური - მესამე ადგილი პსჟ-მ მოიგო
ქართული vs ლეგიონური - მესამე ადგილი პსჟ-მ მოიგო
09.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბელგრადში დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომელსაც ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის სახელითაც იცნობენ, ქართულმა კლუბებმა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულეს. რეპეშაჟის ფინალი წააგო, „მებრძოლმა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის გამარჯვებული იყო და ბელგრადში მოქმედი ჩემპიონის სახელით ასპარეზობდა. სერბეთში, 2023 წლის გათამაშებაში, „მებრძოლის" ღირსებას იცავდნენ -66 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი თუთაშვილი, -73 კგ-ში ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი, -81 კგ-ში  ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, -90 კგ-ში  უშანგი მარგიანი, +90 კგ-ში  კი, საბა ინანეიშვილი და ონისე სანებლიძე.

ძიუდოს ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო, ბრინჯაოს მედლებისთვის მეორე დაპირისპირება გამოდგა, სადაც „გოლდენ გორი", ქართველებით გამდიდრებულ პსჟ-ს დაუპირისპირდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ქართული კლუბის ღირსებას, -66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, -73 კგ-ში გიორგი ტერაშვილი, -81 კგ-ში ვლადიმერ ახალკაცი, -90კგ-ში ზაურ დვალაშვილი და +90 კგ-ში შალვა გურეშიძე იცავდნენ.



რაც შეეხევა პსჟ-ს შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის აღნიშნულ კლუბთან კონტრაქტები, -73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა, -81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილმა და -90 კგ-ში ლაშა ბექაურმა გააფორმეს. შესაბამისად, ბელგრადში გამართული ეს საკლუბო ტურნირიც, ქართველი ჯუდოკებისთვის პირველი იყო, ახალი კლუბის სახელით. ქართველმა ლეგიონერებმა, გრიგალაშვილმა და ბექაურმა პსჟ-ს შემადგენლობაში გადამწყვეტი ბრძოლები მოიგეს, საბოლოოდ გაიმარჯვა პსჟ-მაც 2-3 და ბრინჯაოს მედლები მოიგო.


რაც შეეხება ლიგის გამარჯვებულს, ის, მასპინძელი, სერბული კლუბი გახდა. ბელგრადის „ბელგრადმა", ფინალში ბერძნული „არისი" მშრალი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.


ცოტა რამ ტურნირის ისტორიიდან, ევროპის საკლუბო თასის ისტორია 1976 წლიდან იწყება. 2010 წელს, ტურნირი ევროპის საკლუბო ჩემპიონატისა და ოქროს ლიგის სახელით აგრძელებს არსებობას. 2018 წლიდან კი, საკლუბო ფორმატის ეს შეჯიბრი ევროპული კლუბების ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის სახელით იწყებს ადგილის დამკვიდრებას.  ევროპული კლუბების ჩემპიონატი - ჩემპიონთა ლიგა 2023 წლის 9 დეკემბერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერბეთში, ბელგრადში ჩატარდა.




და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ ტურნირამდე, ბელგრადმა ევროპული ძიუდოს კავშირის კონგრესს უმასპინძლა, რომელსაც 48 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონგრესმა საბოლოოდ გაახმოვანა, 2024 წლის ის „გაჩერებები" სადაც პარიზის ოლიმპიური თამაშების გარდა ძიუდოს ტურნირები გაიმართება. ამ წელს, საქართველო და კერძოდ, თბილისი, IJF-ის ეგიდით, ტრადიციულ თბილისის გრან სლემს უმასპინძლებს. მანამდე კი, ევროპის ძიუდოს კავშირმა, ევროპის 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად ქალაქ გორში ჩატარებული „შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - ჩემპიონთა ლიგა" დაასახელა და ქართულ დელეგაციას სამახსოვრო სერთიფიკატიც გადასცა.



ფოტo: © EJU / © PSJ