საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში 2023 წლის 9 დეკემბერი ოქროს ასოებით შევა. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, ქულების რეკორდული მაჩვენებლით, 202.11 ქულით 2023 წლის გრან პრის ეტაპების ფინალის მოგება მოახერხა სპორტულ წყვილებში, იუნიორთა შორის. ალბათ, აღნიშნულ სახეობაში, იმ იშვიათ გულშემატკივარს, რომელიც საქართველოში დღითიდღე მატულობს, გემახსოვრებათ, რომ 2018 წლის 8 დეკემბერს, სპორტულ ცეკვებში, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა მოახერხა ფინალში გამარჯვება. ასევე, იუნიორთა შორის. მაშინ ჩვენებმა, ტრიუმფალური (როგორც ამას თავად აღნიშნული სახეობის ფედერაციაში უწოდებენ) შედეგი, 131.63 ქულა აჩვენა.
ქართული ფიგურული ციგურაობის კიდევ ერთი ისტორიული შეჯიბრი კი, 2023 წელს, 7-10 დეკემბერს, ჩინეთში, პეკინში, ოლიმპიურ დარბაზში გაიმართა. ასპარეზობა ჩატარდა როგორც ე.წ. სენიორებს ასევე იუნიორებს შორის, ფიგურული ციგურაობის ოთხივე სახეობაში. ლუკა და ანასტასია მიმდინარე სეზონში იუნიორებში ასპარეზობდნენ. ოქროს მომტანი პროგრამა, ჩვენებმა „ქვინის" ცნობილ კომპოზიციაზე The Millionaire Waltz იცეკვეს, სადაც სამმაგი სალჰოვი ორმაგ აქსელთან და ორმაგი ტულუპთან კომბინაციაში შეასრულეს. პროგრამა დატვირთული იყო სამმაგი ტვისტებით, სამმაგი ფლიპით ე.წ. გადაგდების დროს. საკმაოდ რთული „აწევებით". აღნიშნული პროგრამისთვის მეტელკინა - ბერულავას წყვილმა, რომელიც თავისუფალ პროგრამაში ბოლო, მეექვსე ასპარეზობდა, მსაჯებისგან 131.63 (66.33 /65.30) ქულა მიიღო, რაც უკვე დაფიქსირებულ შედეგებში უკეთესს, დაახლოებით, 20 ქულით აღემატებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურებმა, მოკლე პროგრამაც მოიგეს 70.48 (38.98 /31.50) ქულით და იქაც, უშუალო მდევრებს დაახლოებით 13 ქულით გადაასწრეს. შესაბამისად, ორი პროგრამის ჯამში, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა 202.11 ჯამური ქულა დააგროვა და რეალურად, მეორე და მესამე ადგილზე გასული კანადური წყვილებისთვის, მიუწვდომელი გახდა.
„ჩემი გრძნობა ყოველი შეჯიბრის დასრულებისას, ერთნაირია - შვება, განსაკუთრებით დაძაბული შეჯიბრის შემდეგ, როგორიც აქ ჩატარდა. კმაყოფილები ვართ ჩვენი გამოსვლით. მომდევნო შეჯიბრი, სადაც გამოვალთ ევროპის ჩემპიონატია. მაღალი მიზნები გვაქვს, იქნებ მოვიგოთ კიდეც. ჩვენს გამოსვლაში, ჯერ კიდევ ბევრი დეტალია, რომელზეც სამუშაო გვაქვს - სპირალი, გვერდითი ტრიალები, სრიალის ხარისხი... ჩვენ გვინდა მსოფლიოსა და იუნიორთა ჩემპიონატებზე ასპარეზობაც" , - ამბობს ლუკა ბერულავა, ISU-ს ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აქ, შევეცდები მარტივად ავხსნა გრან პრის ფინალის სტრუქტურა, ალბათ, იმ გულშემატკივრისთვისაც, რომლებიც ფიგურული ციგურაობის ქომაგობაში ახლა იდგამენ ფეხს და მედიისთვისაც, რომელთათვისაც მთელი რიგი ნიუანსები „უცხო ხილია". გრან პრის ფინალი არის ერთგვარი შემაჯამებელი შეჯიბრი რამდენიმე გრან პრისა, რომლებიც სხვადსხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პერიოდში (მხოლოდ ერთი სეზონის დროს) ტარდება. აღნიშნულ ეტაპებში, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, თითოეულ დისციპლინაში რამდენიმე ათეული, თითო ეტაპზე. საინტერესოა ის დეტალიც, რომ აღნიშნული ეტაპებიდან, წყვილს, მხოლოდ გრან პრის ორ ეტაპზე აქვს მონაწილეობის უფლება. ამ ორ ეტაპზე კი, წყვილმა მინიმუმ სამეულში უნდა მოახერხოს შესვლა, რომ შემდეგ, ქულების უკეთესი კოეფიციენტით, მოხვდეს ფინალში, რომელიც 9 დეკემბერს ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიგეს (იუნიორთა შორის).
„ასეთი სულ 7 ეტაპია. პირველი, მეორე და იშვიათად მესამე ადგილები, გააჩნია ისიც, როგორ განაწილდება სარეიტინგო ქულები, ხვდებიან საბოლოოდ ფინალურ გრან პრიზე. ფინალში, მთელი მსოფლიოდან 6 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი ხვდება. ლუკამ და ანასტასიამ, ორი გნარ პრის ეტაპის მოგება მოახერხეს და ამის წყალობით, საუკეთესო ექვსეულის ფინალში მოხვდნენ", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი.
აღიშნული გრან პრის ფინალი, ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასია. ყველაფერთან ერთად, საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ქართულმა წყვილმა, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა ერთად დაიწყო სრიალი, მოახერხა და ფინალში ჩამოიტოვა კანადისა და აშშ-ს წყვილები, რომლებიც ტრადიციულად ყველა ასაკში, ანგარიშგასაწევი ძალაა. თან მეტოქეებს გაუსწრეს, მთელი 33 ქულით, სახეობაში, სადაც ბევრჯერ, ოქროს მედლის ბედს, მეათასედი ქულები წყვეტს.
ჩვენთან საუბარში, მაკა გიორგობიანი იხსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ყოფილა შემთხვევები და გრან პრის ფინალში ექვსივე რუსეთის წარმომადგენელი მოხვედრილა, ქულების ამ მაჩვენებლით არავის მოუგია. დღემდეც, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, მსოფლიო რეკორდი სწორედ, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, პანფილოვა - რილოვის წყვილს მეკუთვნოდა, რომელიც დღეს, მეტელკინა-ბერულავას წყვილმა მოხსნა.
და ბოლოს რეზიუმესავით, 5 წლის წინ, როდესაც აღნიშნული გრან-პრი კაზაკოვა-რევიას წყვილმა მოიგო, საქართველოს, საციგურაო რუკებზე, არც კი იმჩნევდნენ. ამ 5 წლის მანძილზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სწორი სელექციის შედეგად, საქართველო ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დროშა უკვე ამჩნევენ და ჰიმნის ჰანგებიც გაიგეს. ალბათ, ეს, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშნელოვანია.
ფოტო: ©ISU