უეფა, თავად არ გარკვეულა წესებში, რომლის დაუცველობაში, მიმდინარე გათამაშებაში სხვას ადანაშაულებს და ქულებს აკლებს გუნდებს. მაგალითად, ჯერ რეგისტრაციაში ატარებს ამა თუ იმ ქვეყნის ფეხბურთელს, გასცემს ლიცენზიას და შემდეგ, შუა ტურნირში ახსენდება, რომ მას თურმე, თამაშის უფლება არ ჰქონდა. ამასთან, გადაწყვეტილებას იღებს იმ დროს, როდესაც რეალურად, სატურნირო ცხრილში უკვე ყველაფერი გარკვეულია. აქ, ერთი ეჭვი გიჩნდება, უეფა-ს მარტივად, არ უნდა კომფორტის ზონიდან გასვლა და საკუთარი კვოტით, მსოფლიოს ჩემპიონატზე „ახალი" გუნდის გაგზავნა. წესით, ასე არ უნდა იყოს, თანაც როცა სახეობის პოპულარიზაციაზე ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს.
ისე, აქ რამდენიმე წლის წინ, „დინამო არენაზე" როტერდამის „ფეიენოორდთან" დაბლოკილი ქართველი გულშემატკივარი გამახსენდა. მაშინ, „დინამო თბილისის" ქომაგებს და შესაბამისად, სტადიონზე გულშემატკივარს, უეფა-მ მხოლოდ იმიტომ არ მისცა დასწრების უფლება, რომ თბილისელთა ქომაგების ტრიბუნაზე, რამდენიმე კვირით ადრე გამოფენილ დროშაზე, სადაც გარკვევით ეწერა 1988, მხოლოდ 88 (რაც ფაშისტური გერმანიის SS-თან ასოცირდება) დაინახა. ამ დროს, ესპანეთში, როდესაც თბილისის „ლოკომოტივი", „გრანადას" წინააღმდეგ ჩავიდა, სტადიონზე მშვიდად ეკიდა უზარმაზარი ბანერი წარწერით 88 (როდესაც ვიკითხე რას ნიშნავდა აღნიშნული ბანერი, კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებლის დაბადების დღის აღსანიშნავიაო, მიპასუხეს). შესაბამისად, ერთგან აკრძალული სიმბოლო დაინახეს, მეორე უბრალოდ საიუბილეო თარიღი...
ახლა, უშუალოდ თემას, რომ დავუბრუნდეთ - უეფა-ში პორტუგალიის ფუტსალის ფედერაციამ, რომელთანაც 20 დეკემბერს თბილისში გვიწევს მეორე თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, გვიჩივლა, ესაო და ბევრი ბრაზილიელი ჰყავთო და საწადელს მიაღწია, ისედაც წაგებულ შეხვედრაში, კიდევ ერთხელ წაგება ჩაგვითვალეს, მხოლოდ გოლები ჩამოგვაჭრეს. დიდხანს, სატურნირო ცხრილში მხოლოდ ეს ცვლილება იყო ასახული. თუმცა, ამასობაში ფინელებმა, რომლებმაც იმავე მიზეზით სომხეთს უჩივლეს, ჟრიამული ატეხეს, 1/2 ფინალში ჩვენ გავედითო... საქართველოსთან 6 ქულა გვაქვსო. შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებთან ავთანდილ ასათიანის გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, მეორე ფრედ ითამაშა. ფაქტია, რომ სატურნირო ცხრილში, ფინელებს 9 ქულა აქვთ, საქართველოს ნაკრებს კი, 7 ქულიდან, „სეკვესტრის" შემდეგ, მხოლოდ 3.
ბუნებრივია, თუ სტატიის დასაწყისში მოყვანილ არგუმენტებს გავითვალისწინებთ, ჩვენთვის არსებული ინფორმაციით კი, უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება ქართულ მხარეს გასაჩივრებული გვაქვს, ვერდიქტი უნდა შეიცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, სამართლიანი თამაში, მხოლოდ ფარატინა სიტყვები არაა, უეფა-ს მსოფლმხედველობაში და რეალურად მოქმედებს.
ჩვენი მოსაზრებით, იქ სადაც „დამნაშავე" მხოლოდ ჩვენ არ ვართ და წვლილი, უეფა-საც მიუძღვის, ვერდიქტი უნდა ანულირდეს, ქართულ მხარეს მიეცეს მკაცრი გაფრთხილება და მომავალი გათამაშებიდან, დღეს არსებული პრეტენზიები, საქმეში აამოქმედოს.
აქვე გეტყვით, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდს, ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი 15 დეკემბერს სომხეთში და 20 დეკემბერს თბილისში, პორტუგალიასთან. ბოლოს, გეტყვით, რომ ფინელების საჩივრის გამო, ქულები სომხეთსაც ჩამოაჭრეს. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ სომხები, ფინეთში, პროტესტის ნიშნად, სათამაშოდ არ ჩადიან.
თუკი, უეფა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ორი თამაშის მოგების შემთხვევაში კი, თუ რა თქმა უნდა ფინეთი ორივეს წააგებს (რაც სომხების არჩასვლით უკვე გამორიცხულია), საქართველოს ნაკრები 9 ქულით ჯგუფში ჩარჩება. აქ, ერთი რაც გამშვიდებს და თავის აწევის საბაბს გაძლევს, ევროპულ რეიტინგში მე-14 და მსოფლიოსაში, მე-16 პოზიცია.. მოკლედ, დასასნანია, თუმცა, რაც არ გკლავს გაძლიერებს და იმედს, ვიტოვებთ, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის კარგი გაკვეთილი და მომავალი წარმატებებისკენ ბიძგი იქნება.