საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 5 ქულით, თუმცა, გატანილი და გაშვებული გოლების მაჩვენებლიდან გამომდინარე, უეფა-ს ქალთა ლიგის პირველი გათამაშების C დივიზიონში ჯგუფში, ბოლო ადგილი დაიკავა. ალბათ, ქართველ გოგონებს, ოდნავ მეტი იღბალი, რომ ჰქონოდათ, მაგალითად, მოეგოთ გასვლაზე ლუქსემბურგში, ან ლიეტუვაში, რის გაკეთების შანსიც აშკარად იყო, დღეს ბევრად მეტი ქულით და ბევრად მაღალ ადგილზე იქნებოდნენ.
მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ირის ანტმანმა, თითქმის განახლებული შემადგენლობით, ქალთა ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში, ყველაზე სტაბილურად იასპარეზა და ყველაზე მეტი ქულაც დააგროვა შესარჩევ ჯგუფში.
რაც შეეხება ერთა ლიგის გათამაშების ბოლო შეხვედრას, რომელიც დღეს, მერსინში ჩატარდა და საქართველოს ქალთა ეროვნული, C დივიზიონის ერთადერთ დაუმარცხებელ და ამასთან, მშრალი კარის მქონე გუნდს დაუპირისპირდა, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრების უპირატესობით წარიმართა. თურქები, მთელი თამაშის მანძილზე ფლობდნენ ბურთს და თამაშსაც მშვენივრად აკონტროლებდნენ. პირველ ტაიმში 26-ე და 41-ე წუთებზე ორი გოლიც გაიტანეს და ეს ანგარიში, შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს კიდეც. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ზემოთაღნიშნული უპირატესობის მიუხედავად, ორი მომენტი ანტმანის გუნდს მაინც ჰქონდა - ერთი პირველ ტაიმში, გოლამდე და ერთიც, შეხვედრის მიწურულს, თეონა ბაქრაძეს. თურქებმა 2-0 მოიგეს და B დივიზიონში დაწინაურდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში, საქართველოს ქალთა ეროვოვნულს, ტრავმისა და დისკვალიფიკაცის გამო რამდენიმე წამყვანი და გამოცდილი ფეხბურთელი, რომლებსაც ამავდროულად თურქეთის ჩემპიონატებში თამაშის კარგი გამოცდილება ჰქონდათ, აკლდნენ. ტრავმის გამო, გუნდთან ერთად არ იყვნენ ხატია ჭყონია, ანა ჩემინავა, ლელუ ჭიჭინაძე, ნინო პასიკასვილმა და სალომე გასვიანმა კი, თბილისში, ლუქსემბურგთან შეხვედრის დროს მიიღეს მეორე ყვითელი ბარათი.
პარალელურ შეხვედრაში, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას შორის ფრედ, 1-1 დასრულდა.
რაც შეეხევა ქალთა ლიგის A დივიზიონს, იქ ჯგუფები საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა მოიგეს. ახლა, ქალთა ერთა ლიგის გამარჯვებულს, სწორედ ამ გუნდების საფინალო მატჩები გამოავლენს.