უეფა ქალთა საკლუბო ფეხბურთში მალე ახალი ტურნირის დამატებას გეგმავს
უეფა ქალთა საკლუბო ფეხბურთში მალე ახალი ტურნირის დამატებას გეგმავს
05.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2025-26 წლების საფეხბურთო სეზონიდან უეფა-ს ქალთა საკლუბო ფეხბურთში სიახლეები აქვს. ამ დროიდან, ქალთა შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდება. ამას გარდა, სტარტს აიღებს ქალთა მეორე საკლუბო ტურნირიც, რაც ქალთა ფეხბურთის სამომავლო განვითრებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ცვლილებები, რომელიც უეფა-მ ეკა-სთან, ეროვნულ ფედერაციებთან, ლიგებთან და კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო, უეფა-ს ბოლო აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცა. გადაწყვეტილების მიღებისას უეფა-ს ქალთა საფეხბურთო კომიტეტის რეკომენდაციებიც გაითვალისწინეს.


ბოლო წლებმა, თვალნათლივ აჩვენა, რომ ქალთა ფეხბურთი, მათ შორის საკლუბო ევროპაში ყოველდღიურად პოპულარული ხდება. შესაბამისად იზრდება კლუბების რაოდენობა, რომლებსაც ქალთა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა უნდათ. ახალი ფორმატით, 2025-26 წლების სეზონიდან, აღნიშნული გათამაშება 18 გუნდის მონაწილეობით ერთი ლიგის ტურნირად ჩატარდება, სადაც საბოლოო გამარჯვებისთვის 1-12 ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ (საუკეთესო პირველი ოთხი შედეგის მქონე გუნდი პირდაპირი წესით, 5-12 ადგილზე გასულები კი ორ ეტაპიანი ფლეი-ოფის გავლით), 13-18 ადგილებზე გასული გუნდები კი, ტურნირს გამოეთიშებიან (აღნიშნული გათამაშების ფორმატს, ჩვენ მომავალ სტატიებში დავუბრუნდებით). ევროპული ფეხბურთის სახლში თვლიან, რომ ეს ბევრ კლუბს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას, დინამიურ და კონკურენტულ გარემოში.


ამავდროულად დაიწყება მეორე ქალთა საკლუბო ტურნირი, რომელიც, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოთიშულ კლუბებს, მისცემს კიდევ ერთ შანსს, სცადონ ძალები. აღსანიშნავია, რომ ქალთა ტურნირების სიახლეები იქნება, ანალოგიური რაც მამაკაცთა შეჯიბრებში არის გათვალისწინებული.


შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, ახალი ფორმატით 2025-26 წლების სეზონიდან ჩატარდება. ისევე, როგორც ახალი ტურნირი. მანამდე კი, 2024-25 წლების სეზონზე, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს „ლანჩხუთი" წარმოადგენს.



ფოტო: ©Alex Pantling - UEFA/Getty Images