შენგელიას მატჩის MVP გახდა, ვირტუსმა კი ტორტონა 99:70 გაანადგურა
შენგელიას მატჩის MVP გახდა, ვირტუსმა კი ტორტონა 99:70 გაანადგურა
04.12.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

იტალიის სერია A-ს წინა ტურში წაფორხილების შემდეგ თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "ტორტონა" გაანადგურა, ქართველი ლეგიონერი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბოლონიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 29-ქულიანი სხვაობით 99-70 დაამარცხეს. 

შენგელია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. თორნკემ ერთი სამქულიანი ისროლა და ზუსტად, მისი 9 ორქულიანიდან 4, ხოლო 6 საჯარიმოდან 5 ჩავარდა. 7 მოხსნიდან 4-ჯერ ბურთი საკუთარ ფარზე იმარჯვა, 3-ჯერ კი შეტევაში. ბურთი ორჯერ დაკარგა, ორჯერ კი დაჯარიმდა. ქართველ ფორვარდს პლუს-მინუს კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი - 31 ჰქონდა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი - 23. ბუნებრივია, თორნიკე მატჩის MVP-ადაც დასახელდა.


ვირტუსმა ჩემპიონატში ჩატარებულ 10 თამაშში 8 მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო შეხვედრებს ბოლონიელები 6 და 8 დეკემბერს, ევროლიგაში, შესაბამისად შინ ბარსელონასა და მაკაბისთან ჩაატარებენ, ჩემპიონატს კი 10 დეკემბერს,  მოქმედ ჩემპიონ ოლიმპია მილანოსთან გასვლითი შეხვედრით დაუბრუნდებიან.


ვიდეო-კადრები მატჩიდან