დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის სადებიუტო ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველმა გოგოებმა ლუქსემბურგის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. ახლა, ქართველ ქალებს 5 ქულა აქვთ და ჯგუფში, თურქეთის ნაკრების შემდეგ, რომელიც ჯგუფს დაუმარცხებლად და ქულების მაქსიმუმით ლიდერობს, მეორე ადგილზე არიან. ირის ანტმანის გუნდი, ჯგუფის ბოლო შეხვედრას 5 დეკემბერს, მერსინში გაიმართავს, თურქეთის წინააღმდეგ. მეორე მატჩში კი, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას ნაკრებები შეეცდებიან უძლიერესის გამორკვევას.
უკვე ცნობილია, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ეროვნულ ნაკრებს, გუნდის კაპიტანი ხატია ჭყონია ვერ დაეხმარება. ჭყონიამ დღეს, შეხვედრის მიწურულს ტრავმა მიიღო და მისი მინდვრიდან საკაცით გაყვანა გახდა საჭირო. ჭყონიას წვივის ძვალი აქვს გატეხილი და მკურნალობა-რეაბილიტაციას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. თურქეთში არ ითამაშებს, არც ნინო პასიკაშვილი, რომელმაც დღეს ჭყონიას დაზიანების შემდეგ კაპიტნობა გადაიბარა. „პასოს", 90-ე წუთზე მიიღო ყვითელი, რაც მისთვის მიმდინარე გათამაშებაში მეორე ყვითელი ბარათია. შეგახსენებთ, რომ დღეს, გუნდს ვერ დაეხმარა გუნდის კიდევ ერთი ვიცე-კაპიტანი ანა ჩემინავა, რომელსაც მხრის ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. არ იყო დღეს გუნდში არც ლელუ ჭიჭინაძე, რომელიც ასევე ტრავმირებულია. ყველა, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელი სხვადასხვა წლებში, თურქულ კლუბებში, ქალთა სუპერლიგაში ასპარეზობდნენ და მომავალ მოწინააღმდეგესთან მინდორზე მათი ყოფნა ალბათ, ყველაზე მეტად სასურველი იყო. თუმცა, ირის ანტმანის გაწვრთნილმა ახალმა თაობამ ეს დანაკლისი, შესაძლოა საჩვენოდ კარგად გამოიყენოს. მით უმეტეს, რომ დღეს, შეხვედრის მეორე ნახევარში სწორედ, სკამის ფეხბურთელებმა გააცოცხლეს თამაში. აქვე, მაიკო ბებიას გამოვყოფდით, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე.
ვიდრე უშუალოდ, თამაშის მიმდინარეობას ჩავუღრმავდებით, ვიტყვით იმასაც, რომ პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მიხეილ მესხის მთავარ მოედანზე, განათების ერთ-ერთი ბოძი ავარიულად გამოირთო. შესაბამისად, თამაშის ჩაშლის (უფრო გადადების) საშიშროებაც იყო. თუმცა, უფეა-სთან კონსულტაციის შემდეგ, ორგანიზატორებმა, უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოაცხადეს და თამაში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაგრძელდა. ბუნებრივია, ყველა მხარის თანხმობის შემდეგ.
რაც შეეხება თამაშს - პირველ ტაიმში, საქართველოს ნაკრები ოდნავ ინერტულად გამოიყურებოდა. გუნდს ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა, თუმცა მიზანს, სტუმრებმა მიაღწიეს. რეალურად, გამოიყენეს, ის იშვიათი შანსები, რომელიც მათ ჰქონდათ. მე-19 წუთზე ანდრეია მაჩადომ გახსნა ანგარიში, 26-ე წუთზე კი, ემი ტომპსონმა გაიტანა. შეხვედრის ამ მონაკვეთში ჩვენ, უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ, ოფსაიდებში გვგქონდა.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის შედარებით უფრო მაღალ ტემპში წარიმართა და ანტმანის გუნდიც უფრო აქტიურობდა. მომენტის გარეშე, არც ლუქსემბურგი იყო, თუმცა, მეტოქის კარი ოთხჯერ ქართველმა ფეხბურთელებმა აიღეს. 66-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 79-ე წუთზე ხატია ჭყონიამ კი გაიტანა, მაგრამ მოედანი საკაცით დატოვა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ნინო ბუხრიკუძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მსაჯმა, 8 წუთი დაამატა, რომელიც რეალურად 11 წუთს გაგრძელდა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშიც გაიტანა გოლი, +7 წუთზე, ნათია დანელიამ, რომელიც თითქმის მთელი თამაში ცდილობდა ლუქსემბურგელთა კარის აღებას და ჩვენს გუნდში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაინც გაიტანა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ქალთა ეროვნულმა 4-2 გაიმარჯვა (მატჩის სრული სტატისტიკა).
სხვათა შორის დღეს, ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ნაკრებში მიმდინარე გათამაშებაში პირველი შეხვედრა ჩაატარა, გუნდის მეკარემ, თათია გაბუნიამ. დღეს, გუნდთან ერთად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იყო, გამოცდილი ტატა მატვეევაც.
დღესვე, თურქეთის ნაკრებმა, ვილნიუსში 0-4 დაამარცხა ლიეტუვას ნაკრები და ახლა, 15 ქულით ჯგუფის ლიდერია.