გამოცდილი და ახალგაზრდა ძიუდოისტების ნაზავით ქართული გუნდი იაპონიაში იასპარეზებს
გამოცდილი და ახალგაზრდა ძიუდოისტების ნაზავით ქართული გუნდი იაპონიაში იასპარეზებს
29.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამმა წამყვანმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა ბექაურმა, ფრანგულ პსჟ-სთან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, გულშემატკივართა ერთი ჯგუფი საერთაშორისო შეჯიბრებზე აღნიშნული ჯუდოკების საქართველოს სახელოთ ასპარეზობა, არასპარეზობის თემამ შეაფიქრიანა. თუმცა, გვინდა ყველა დავამშვიდოთ და ავუხსნათ, რომ რომელიმე კლუბში ყოფნა და იმ კლუბის სახელით საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობა, იგივეა, რასაც მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს „ნაპოლისთან" ერთად. შესაბამისად, აქვე გეტყვით, რომ „შავიც", ტატოს და ბექაურიც, საქართველოს სახელით კვლავ იასპარეზებენ საერთაშორისო ტურნირებზეც და პარიზშიც, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. უფრო მეტიც, შავდათუაშვილი, ტოკიოს გრან სლემზე რომელიც 2-3 დეკემბერს გაიმართება, შეეცდება ჩვენი ქვეყნისთვის ტიტულის მოგებას.

აღნიშნულ გრან სლემზე, სადაც 2022 წელს საქართველო მხოლოდ ლაშა ბექაურით იყო წარმოდგენილი წელს, 16 ძიუდოისტი იასპარეზებს, მათ შორის 13 კაცი და 3 ქალი. საქართველოს ნაკრებმა, პრესტიჟულ გრან სლემზე ასპარეზობის საშუალება მისცა როგორც გამოცდილ ასევე, ახალბედა ძიუდოისტებს. რა გამოვა ამ საქმიდან, ტურნირის დასრულების შემდეგ გავიგებთ.


ამ მომენტისთვის, ტურნირზე რეგისტრირებული არიან:

-60 კგ  / ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ / ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი

-73 კგ  / გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ  / ალექსანდრე ლოლაძე

-90 კგ  /  ლუკა მაისურაძე, ლუკა ბაბუციძე

-100 კგ / ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი

+100 კგ  / შალვა გურეშიძე, ლევან მათიაშვილი


-57 კგ  /  ეთერ ლიპარტელიანი  

-63 კგ / ეთერ ასკილაშვილი

+78 კგ / სოფიო სომხიშვილი



ფოტო: © IJF