სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრებისთვის შეიკრიბა. ირის ანტმანის გუნდი 1 და 5 დეკემბერს უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩების ჩაატარებს. თავდაპირველად, სახლში, მიხეილ მესხის სტადიონზე ლუქსემბურგს უმასპინძლებს, შემდეგ კი, თურქეთში, კონკრეტულად კი ქალაქ მერსინში გაემგზავრება, სადაც 5 დეკემბერს, გათამაშების ჯგუფის ლიდერს, თურქეთს დაუპირისპირდება.
„ლუქსემბურგის წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული მატჩი საუკეთესო იყო ჩვენი გუნდისთვის ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მოახლოებულ შეხვედრას დანაკლისით ვხვდებით. ტრავმის გამო ჩვენი კაპიტანი, ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაგვეხმარებიან. მათ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - ამბობს ანტმანი, რომელსაც შეკრებაზე ჩემინავას და ჭიჭინაძის გარეშე 23 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული.
სხვათა შორის, ტრავმისა და სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, გუნდში, თათია გაბუნია დაბრუნდა. თუმცა, ბოლო ოფიციალურ შეხვედრებში რამდენად მისცემს კარის დაცვის საშუალებას უთამაშებელ გაბუნიას, წარსულში თავად მეკარე, ირის ანტმანი, ამას მატჩის დღეები დაგვანახებს.
ბოლო მატჩებში, ლიეტუვასთან, საშინაო შეხვედრაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეეცდება საქართველოს ნაკრები, რომელმაც ამ ნაკრებთან გასვლაზე ჩატარებული მატჩის სრულიად საპირისპიროდ, სუსტად ითამაშა თბილისში.
„ლიეტუვასთან ბოლო მატჩი კარგად არ ჩაგვიტარებია. მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, დაგვაკლდა კონცენტრაცია. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში ეს შეიცვლება", - ამბობს ირისი.
ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, უეფა-ს ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები С2 ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზე არიან. ჩვენს გუნდზე 2 ქულით მეტი აქვს ლიეტუვას, რომელსაც გასვლაზე საქართველოს ქალთა ნაკრები ფრედ, 0-0 ეთამაშა, სახლში, კი, სამწუხაროდ, 0-3 წააგო. კიდევ ერთს შეხვედრაში, ლუქსემბურგში, ირის ანტმანის გუნდმა ქულა აიღო, ლუქსემბურგში მატჩი 1-1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან, ამ შესარჩევ ციკლში გატანილი ერთადერთი გოლოს ავტორი ანა ჩემინავაა. გუნდთან ერთად ვარჯიშობს თეონა ბაქრაძე, რომელსაც მიკრო ტრავმის გამო, ლიეტუვასთან, თბილისური მატჩის გაცდენა მოუხდა.
„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. ლუქსემბურგთან მოსაგები გვაქვს და ვფიქრობ, რომ თურქეთთანაც კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მოტივირებულები ვართ, შეკრება კარგად მიმდინარეობს და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად", - ამბობს მარიამ კალანდაძე.
სფფ-ს ოფიციალური ცნობით, მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. საქართველოს ქალთა ეროვნულის ამ შემადგენლობაში, მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი, გამოცდილი ტატა მატვეევაა, რომელიც არც ერთ კლუბში, კონკრეტულ მომენტში არ ირიცხება და თანაგუნდელებისგან განსხვავებით, თითქმის „უთამაშებელია"
მეკარეები: თეონა სუხაშვილი ("ლანჩხუთი"), სვეტალნა გაბელაია ("კოლხეთი", ხობი), თათია გაბუნია ("ლანჩხუთი")
მცველები: მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი ("კვარტალი", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი ("ლანჩხუთი"), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), თამარ ტატუაშვილი („თრაბზონსფორი, თურქეთი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი", გერმანია), ნათელა წოწერია ("კვარტალი", თბილისი), ანა პავლიაშვილი ("სამეგრელო", ჩხოროწყუ)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი ("კვარტალი", თბილისი), თინათინ ამბალია ("ლანჩხუთი"), ნათია დანელია ("კვარტალი", თბილისი), ანა წულაია ("ლანჩხუთი"), ტატიანა მატვეევა, თეონა ბაქრაძე („თრაბზონსფორი", თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე ("სამეგრელო", ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია („ბათუმი)", მაიკო ბებია ("სამეგრელო"), ანასტასია ბოლქვაძე ("ლანჩხუთი"), ლიზი კანკია ("კვარტალი")
მატჩების განრიგი
1 დეკემბერი | საქართველო - ლუქსემბურგი | 17:00
5 დეკემბერი | თურქეთი - საქართველო | 19:00
სფფ-ს ფოტო