იაპონურ ქალაქ ოსაკაში 24-26 ნოემბერს ISU-ს გრან პრის სერიის 2023 წლის ბოლო ეტაპი ჩატარდა. NHK Trophy-ზე საქართველო ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ნიკა ეგაძემ ერთეული ვაჟთა, ანასტასია გუბანოვამ კი, ერთეული გოგონათა შორის იასპარეზეს.
ჩვენმა ორივე წარმომადგენელმა, მოკლე პროგრამა შედარებით ცუდად იცეკვა, ანასტასიამ ყველაზე მნიშვნელოვანი კომბინაცია გააფუჭა, ნიკას კი სამმაგი აქსელის შესრულების დროს ჰქონდა ე.წ. სთეფ-აუთი, რის გამოც ჩვენებს ქულები დააკლდათ. მოკლე პროგრამის შემდეგ, გუბანოვას 55.80 (25.30 / 30.50) ქულით მე-10 პოზიცია ჰქონდა , ნიკას კი, 81.30 (44.15 / 37.15) ქულა და მე-7.
თუმცა, ასპარეზობის მეორე დღეს, ქართული გუნდის წევრებისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდა და ანასტასიამაც და ნიკამაც მოახერხეს, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ეჯობნათ. ორივემ, თავისუფალი პროგრამის შემდეგ, სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა. თავისუფალ პროგრამაში, გუბანოვამ 128.52 (66.81 / 61.71) ქულა აიღო, რითაც მე-4 ადგილზე გავიდა. ჯამში კი, 184. 32 ქულა დააგროვა და საბოლოოდ ასპარეზობა მეექვსე ადგილით დაასრულა. ამასთან გუბანოვას, საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად, მხოლოდ, 0.14 ქულა დააკლდა.
ხარვეზით დაიწყო ასპარეზობა თავისუფალ პროგრამაში ნიკა ეგაძემ. პირველივე ელემენტის, ოთხმაგი ტულუპის შესრულების დროს ქართველი მძიმედ წაიქცა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მოახერხა მობილიზება და დარჩენილი პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა. საბოლოოდ, ეგაძემ, 156.04 (83.41 / 73.63) ქულა დააგროვა, რაც ვაჟთა შორის, თავისუფალ პროგრამაში, მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. ორი პროგრამის ჯამში, ნიკამ, 237.34 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და წინ მხოლოდ ორი იაპონელი და ერთიც შვეიცარიის წარმომადგენელი გადაუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს, ნიკასთვის, ჯერჯერობით გრან პრის სერიის ტურნირებზე ნაჩვენები უმაღლესი შედეგია.
ანასტასია გუბანოვასა და ნიკა ეგაძისთვის მომდევნო სტარტი უკვე 2024 წელს არის. ქართული გუნდის წარმომადგენლები 8 იანვრიდან ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. კაუნასში, სწორედ მათ მაღალ შედეგზე იქნება დამოკიდებული, უკვე მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე რამდენი სპორტსმენით წარსდგება საქართველო.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ფოტოები / Getty Images