ბათუმის „დინამო" მიმდინარე სეზონში გეგმიურად მიდიოდა ჩემპიონობისკენ. ისევე, როგორც სხვა კლუბებს მასაც ჰქონდა ჩავარდნები, თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „დინამო თბილისმა" ჩემპიონატის მანძილზე ბევრჯერ ვერ გამოიტენა შანსი დასწეოდა, გაეთანაბრებინა და გადაესწრო სატურნირო ცხრილში ბათუმური კლუბისთვის. საჩემპიონო რბოლაში დარჩენის შანსი, „დინამო თბილისს" დღესაც, 34-ე ტურშიც ჰქონდათ. თუმცა ამისთვის, თბილისელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე.
2023 წლის სეზონის ბოლო ქართულ დერბიში, „ტორპედოსა" და „დინამო თბილისს" შორის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 79 წუთი მასპინძლებს მიჰყავდათ და ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ახლოს იყვნენ საკუთარ მოედანზე „დინამო თბილისი" დაემარცხებინათ, ამის გაკეთება მაინც ვერ მოახერხეს. ამასთან, ბურთსაც ძირითადად დედაქალაქური კლუბი ფლობდა და ბევრი მომენტიც „გამაზა", მაგალითად ბოლო, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მოწურულს იყო, როცა „ტორპედო" ხარიხამ გადაარჩინა. ანგარიში კი, 39-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის გადაცემის შემდეგ, ლაშა შერგელაშვილმა გახსნა. 58-ე წუთზე გიორგი არაბიძემ მოახერხა თბილისელთა კარის მეორედ აღება. „ტორპედოც" 2-0 დაწინაურდა და დიდი ალბათობით, კონცენტრაცია მოადუნა. თუმცა, არც კარასკოს მიერ გაკეთებულ შეცვლებს უნდა დავუკარგოთ ფასი, რადგან გოლები სწორედ, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მე-80 წუთზე, გიორგი მაისურაძის გადაცემის შემდეგ, ზორან მარუშიჩმა გაიტანა გოლი (15 გატანილი გოლით, ის ჯოვინო ფლამარიონს, მხოლოდ ერთი ბურთითღა ჩამორჩება), მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე დამატებულ წუთზე კი, დინამოელებმა ქულა გადაარჩინეს. საბა ხვადაგიანის გადაცემის შემდეგ გოლი ლაშა ოდიშარიამ გაიტანა. ამ დღეს, დინამოელთა შორის შეცვლაზე 16 წლის ვახო სალია შემოვიდა. ის არის „დინამო თბილისის" აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი, რომელის ინტეგრაციასაც სხვა აკადემიელებთან ერთად, „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ცდილობს. შეხვედრა კი ფრედ, 2-2 დასრულდა და თბილისურმა „დინამომ" ერთ წლით, მეორე ვარსკვლავის ამოქარგვა გადადო. თბილისურმა კლუბმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულდა.
ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე", რომელიც ტრადიციულად არ იყო სავსე, ბათუმის „დინამომ", მეორე გაიფორმა ჩემპიონობა. ამ შეხვედრაში, მთავარი მოქმედი პირი ვლადიმერ მამუჩაშვილი იყო, რომელიც სანაკრებო შესვენების შემდეგ, საკლუბო თამაშში აქტიურად ჩაერთო, თუმცა, 43-ე წუთზე პენალტი გააცუდა. სამაგიეროდ, 24-ე წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ, მისი გადაცემის შემდეგ აიღო „თელავის" კარი ირაკლი ბიძინაშვილმა. 54-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ, გიორგი ზარიამ მეორე გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის 1 წუთზე კი, ცოტნე ფაცაციამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბათუმის „დინამომ" 3-0 მოიგო და ორი ტურით ადრე, ჩემპიონატის დასრულებამდე, ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონობა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბრინჯაოს მედლებისკენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გორის „დილამ". რომარიკ ეტოუს მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლი, „გაგრასთან" შეხვედრაში, ერთადერთი აღმოჩნდა, თუმცა, მნიშვნელოვანი 3 ქულის მომტანი გორელთათვის. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „დილას" 57 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს „ტორპედოს", რომელიც ასევე იბრძვის საპრიზო ადგილას მოსახვედრად და შესაბამისად, ევროტურნირებზე საგზურის მოსაპოვებლად. „დილამ" 1-0 მოიგო. აი, „გაგრას" კი, გადათამაშების ზონიდან, დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება უწევს, მათ შორის, „სამტრედიასთან", რომელსაც იგივე გეგმა აქვს.
ამ ტურში კი, „სამტრედიამ" ქობულეთის „შუქურას", რომელიც რეალურად, სათადარიგო გუნდით ასპარეზობდა „გადაურბინა" და 0-9 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები 0-4-ს იგებდნენ, გოლები ალეკსანდარ მიშოვმა (15', 19'), სტრაჰინია პავიშიჩმა (33') და აბდულა ხაიბულაევმა (40') გაიტანეს. მეორე ტაიმში, კიდევ ორმა ფეხბურთელმა თორნიკე ახვლედიანმა (57', 76') და დათო კირკიტაძემ (53', 82') გაიფორმეს დუბლი. თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთში ათვლა ილია ახვლედიანმა დაწყო 50-ე წუთზე.
გრძელი სეზონის დასრულებამდე ბოლოდან მესამე ტური კი, თბილისში, „პეტრო არენაზე" დაიწყო, სადაც „საბურთალოსა" და „სამგურალის" შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ, ოთარ მამაგეიშვილისა (18') და იური ტაბატაძის (27') გოლების შემდეგ, „საბურთალო" 2-0-ს იგებდა, თუმცა, 62-ე წუთზე გნამიამ ერთი ბურთს შემცირება მოახერხა. 81-ე წუთზე კი, ნიკა კალანდარიშვილმა წყალტუბოელებს ქულა გადაურჩინა და თეორიულად, მეოთხე ადგილზე მოხვედრის შანსი დაუტოვა, თუკი, რა თქმა უნდა, დარჩენილ ორ ტურში ორივე შეხვედრას მოიგებს, „ტორპედო" კი, ორივეს წააგებს. რეალურად, მეოთხე ადგილისთვის იბრძვის „საბურთალოც", რომლებსაც ევროსაგზურის მოსაპოვებლად, საქართველოს თასის ფინალიც აქვს სათამაშო და იქ გამარჯვების შემთხვევაში, მშვიდად ყოფნა შეუძლია, თუმცა, თასის ფინალამდე, ეროვნული ლიგის 2 ტურია, სადაც თბილისურ კლუბს, „თელავთან" და „დინამო თბილისთან" აქვს დარჩენილი. წყალტუბოელებს, მესამე ადგილისთვის მებრძოლ გორის „დილასთან" და „სამტრედიასთან", რომელსაც ძალიან უნდა ასცდეს, გადათამაშების ზონას.
დარჩენილი ორი ტურის კალენდარი
სატურნირო ცხრილი
სტატიაში გამოყენებულია ბათუმის „დინამოს", „დინამო თბილისისა" და „სამგურალის" ფოტომასალა