ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის საქართველო მე-4 კალათაში განითესა
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის საქართველო მე-4 კალათაში განითესა
24.11.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

მომავალი წლის 2-7 ივლისს გაიმართება ოლიმპიადის საკალათბურთო საკვალიფიკაციო ტურნირის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ფიბა-მ მონაწილე გუნდები კალათებად დაჰყო​. ჩვენი ეროვნული გუნდი მეოთხე კალათაში მოხვდნენ:


1 კალათა: სლოვენია, ლატვია, ​ლიეტუვა, ესპანეთი.

2 კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია.

3 კალათა: პუერტო რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი.

4 კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია. ლიბანი.

5 კალათა: კოტ დივუარი, ანგოლა, ხორვატია, ფილიპინები.

6 კალათა: ეგვიპტე, ბაჰამის კუნძულები, კამერუნი, ბაჰრეინი.



წინასწარ ცნობილია, რომ ერთმანეთთან ჯგუფში მოხვდება მხოლოდ 1, 4 და 5 კალათების გუნდები. ასევე დაჯგუფდებიან 2, 3 და 6 კალათის ნაკრებები. კიდევ ერთი ნიუანსი: ერთ ჯგუფში (ყველა სამგუნდიანია), ერთი კონტინენტის მხოლოდ ორი გუნდი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ვერ მოხვდება ხორვატია, რადგან პირველ კალათშიც მხოლოდ ევროპული გუნდებია.


წილისყრა 27 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბა-ს პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში წილისყრა გაიმართება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და სად ჩატარდება თამაშები.


წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.​


წილისყრას გაუძღვება წარსულში NBA-ის ცნობილი კალათბურთელი, ლუოლ დენგი, რომელიც ამჟამად სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.


პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთ სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).