ორლანდო მეჯიქის შესანიშნავი სვლა გრძელდება, ხოლო ამ გუნდის მოგებათა 4-მატჩიანი სერიის ყველა შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე გახლდათ. 3 გასვლითი მოგების შემდეგ მეჯიქი ფლორიდაში დაბრუნდა და ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა. ორლანდოელებმა მეტოქე 124-107 დაამარცხეს, რაშიც ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია.
ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, თუმცა ისეთი დახუნძლული იყო სტატისტიკით, თავის გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა, პასი და დაფარება მიითვალა. დიახ, გოგას 5 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ეს ყველაფერი გოგამ მოედანზე ყოფნის 30 წუთში მოახერხა და თან ისე, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ბითაძეზე მეტი, ისიც არასრული 1 წუთით, პაოლო ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბომბარდირი კი ბანკერო გახდა 25 ქულით.
ორლანდოს 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში საპატიო მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ დენვერთან ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას გამართავს.