კარგი პირველი ტაიმი, ბუნებრივია ქართველებს ვგულისხმობთ, ესპანელების მაღალი პრესინგის ფონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, პირველ ნომრად თამაშზე. კარის მიმართულებით დარტყმული 19/8 არის შეფარდებით, რაც უეფა-ს ოფიციალური მონაცემია. ესპანელებმა კარის ჩარჩოში 8-ჯერ დაგვირტყეს, აქედან ორი გოლი გავიდა, ჩვენ ერთიდან ერთი გავიტანეთ. კიდევ ერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილს მოხვდა და ისე გავიდა გიორგი მამარდაშვილის კარში, რომელსაც დღეს, მინიმუმ სამი მაგარი „სეივი" ჰქონდა. ჩვენი გუნდის მინუს-პლიუსებს რომ შევეხოთ, აშკარად ფლანგებზე კიდევ არის კითხვის ნიშნები და სამუშაო. შოტლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, დაღლა ემჩნეოდა ოთარ კაკაბაძეს. გიორგი მიქაუტაძე, იმავე შოტლანდიასთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, უფრო თავდაჯერებული გვეჩვენა. ჩაკვეტაძე, თვალშისაცემად სტაბილური გახდა, კვარაცხელია კი, უბრალოდ „კვარაა", რომელსაც ყველაზე ხისტად ეთამაშებოდნენ.
„კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. თავს, კარგად ვიცავდით. ამ მონაკვეთით კმაყოფილი ვარ. მეორე ტაიმში იყო ის, რაც ხდება უკვე მერამდენედ - თავი იჩინა მოთამაშეების უთამაშებლობამ საკლუბო დონეზე. მსგავს ინტენსივობას არ არიან მიჩვეულნი. ლუისსაც ვუთხარი, რომ ესპანეთის ეს ფორმაციის ნაკრები არის ერთ ერთი საუკეთესო ევროპაში და ვუსურვებ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე", - ამბობს ვილი სანიოლო.
სხვათა შორის, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, ლუის დე ლა ფუენტეს შეეკითხებიან, მაშინ, როდესაც ტაბლოზე იყო ანგარიში 1-1, გავის ტრავმის და იძულებითი შეცვლის გამო კი, გუნდი, ოდნავ დაბნეული, შესვენებაზე რა უთხარით გასახდელშიო, ესპანელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ მოთამაშეებს, უბრალოდ უთხრა ემუშავათ და ბოლომდე დახარჯულიყვნენ. „გულგატეხილებს, მაგრამ უნდა გვეთამაშა და ეს თამაში კარგად დაგვესრულებინა. ასეთ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვილაპარაკებდით ტაქტიკაზე. გუნდს, ემოციური ფონი ემჩნეოდა და ვეცადეთ, ეს ფონი, ემოციები დაგვემშვიდეინაო", ამბობს დე ლა ფუენტე. რა დასამალია და მათ ეს მშვენივრად გამოუვიდათ.
„ისინი (ესპანელები) ბურთს ინახავენ, ჰყავთ კარგი ფეხბურთელები მაგალითად, უილიამსი, მორატა... სათადარიგო სკამზეც, არჩევანის საშუალება აქვთ. მსაჯობასთან დაკავშირებით არ მიყვარს ლაპარაკი. თუმცა, ჩვენ (საქართველო) პატარა ქვეყანა ვართ და ალბათ, აქ მსაჯები ძლიერს უფრო ანიჭებენ პრიორიტეტს. უბრალოდ ბოლო მომენტი გაიხსენეთ, როდესაც ჩვენი ფეხბურთელზე, ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმა იყო და მსაჯს წითელი შეეძლო მოეცა, თუმცა, მომენტი საერთოდ არ შეიმჩნია. თუმცა, ახლა, ამაზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ მცალია, რადგან ვითარების გამოსასწორებლად ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", - ამბობს სანიოლი.
ვინაიდან სიტყვამ ყვითელი ბარათები მოიტანა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღეს, რუმინელმა მსაჯებმა ხვიჩა კვარაცხელიაც გააყვითლეს. ამ მომენტიდან მალევე, ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კვარას" მომდევნო თამაშების გაცდენა მოუწევდა. თუმცა, ყველა გვინდა დავამშვიდოთ, რომ ხვიჩას მიერ, დღეს მიღებული ყვითელი ბარათი მესამეა. ეს რომ ოქტომბერში მომხდარიყო, „კვარას' აუცილებლად მოუწევდა ნოემბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა. თუმცა, ახლა, ყველა ბარათი გაუქმდება (ბათილდება) და ახლა წელსაც ხვიჩა, ნაკრებთან ერთად, ახალი ფურცლის წერას დაიწყებს.
„2023 ბოლო მატჩი იყო. ვფიქრობ, ბოლო თვე კარგად ვიმუშავეთ, გლობალურად გაიზარდა გუნდის დონე. სექტემბერში, საშინელი 1-7 მერე, ვთვლი, რომ შოტლანდიასთან და დღეს, მიუხედავად იმისა, რომ 3-1 წავაგეთ, პირველი ტაიმი, კარგად ვითამაშეთ. ეს თავდაჯერებულობისთვის კარგია, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო და ყოველთვის გვინდა. უნდა მეტი ვიმუშაოთ, რათა მარტში გავაკეთოთ ის რაც ხალხს ასე უნდა", - ამბობს სანიოლი.
მიმდინარე შესარჩევმა ციკლმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ გუნდებში უთამაშებლობა, საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლია. ამ მომენტს ვილი სანიოლი რამდენჯერმე დაუბრუნდა. ფრანგის აზრით, რთული გასაგებია, რატომ არის ნორმა კვიპროსთან გამარჯვება და რატომ ვბრაზობთ, როდესაც ვაგებთ ესპანეთთან? ფრანგი თვლის, რომ ამ კვალიფიკაციის დროს, გუნდი კიდევ უფრო დაიხვეწა, ეს ვილისთვის პოზიტივია.
რაც შეეხება თამაშს, ის სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-4 წუთზე, ლე ნორმანმა გახსნა ანგარიში. მე-10 წუთზე უკვე ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა გათანაბრება. სხვათა შორის, კვლავ გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით. სამომავლო პერსპექტივაში, ამ წყვილის კიდევ უფრო შეთამაშება, ჩვენს ნაკრებს ბევრ სასიკეთოს მოუტანს. კაცმა არ იცის, როგორც დასრულდებოდა შეხვედრა, ქართველთა გუნდს ავტოგოლი რომ არ მიეღო, რადგან საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა მომენტები, 1-1-ზე, 2-1-ზეც...
და ბოლოს, გავიზე რომელსაც, ხვალ კიდევ გადაამოწმებენ. ამასობაში კი, ნაკრებში გუნდელები, სამწვრთნელო შტაბი იმედს იტოვებს, რომ სხვა სიმძიმის ტრავმა იქნება და ფეხბურთელიც მალე შეძლებს დაბრუნებას. შესაბამისად, არ გაუცდება არც ევროპის ჩემპიონატი და არც ოლიმპიური თამაშები.
„ყველაფერი მესმის, ვიცი რომ რთული მომენტია ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის, „ბარსელონასათვის", ასევე ესპანეთი ფეხბურთის ფედერაციისთვის, ჩვენთვის ფეხბურთელებისათვის. თუმცა, ნუ გვავიწყდება, რომ ეს არის ფეხბურთი. ეს არის რის შესახებაც, გავის ველაპარაკეთ. სამწუხაროდ, ეს მოხდა. ფეხბურთი, მაღალი რისკის მატარებელი. ძალიან ვწუხ ფეხბურთელის გამო, მან პირველ მომენტში მიიღო ტრავმა და მერე დაბრუნდა. იქნებ, იმ მომენტში, რომ აღარ გაეგრძელებინა, ასე არ დასრულებულიყო? მის ადგილას, შესაძლოა ნებისმიერი ყოფილიყო. ეს შესაძლოა, ნებისმიერ დროს მომხდარიყო - თამაშის, საწვრთნელი პროცესის დროს. ეს არის დრამა მის ცხოვრებაში", - ამბობს დე ლა ფუენტემ, რომელიც გავის „სუპერ ბიჭად" მოიხსენიებს.
ესპანეთი ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის და ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის გუნდებს შეუერთდა. ჩვენ კი, მარტის თვის მოლოდინში ვართ.