თბილისის „ელიტა“ ქალთა ელიტარულ ლიგაში ამოვიდა - ლიგა 2 დასრულდა
თბილისის „ელიტა“ ქალთა ელიტარულ ლიგაში ამოვიდა - ლიგა 2 დასრულდა
19.11.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


18 ნოემბერს ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება დასრულდა. მომდვენო, 2024 წლის სეზონში, ქალთა ლიგაში თბილისის „ელიტა" ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს, სატურნირო ცხრილში, „ელიტამ" და „რაჭა 2020"-მა ქულების თანაბარი რაოდენობა, 71-71 ქულა დააგროვეს, თბილისურმა კლუბმა ურთიერთ შეხვედრებისა და ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე, აჯობა რაჭველებს. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების ბოლო ტურშიც, ორივე გუნდმა მოიგო.


თუკი, „ელიტამ" ქალთა ლიგა 2 მოიგო, 2023 წლის სეზონზე, აღნიშნულ ლიგაში, ყველაზე მეტი, 78 გოლი, „რაჭა 2020"-ის ფეხბურთელმა, კესო მეტონიძემ გაიტანა.


შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონი, გუნდების რეკორდულმა რაოდენობამ, 15 გუნდმა დაიწყო. შესაბამისად, ორივე წრეში, ყველა ტურში, თითო გუნდი ისვენებდა. აღსანიშნავია, რომ „სამეგრელო", „ლანჩხუთი", „დინამო სოხუმი" ამ ლიგაში მეორე გუნდებით იყვნენ წარმოდგენილნი.


მიმდინარე ჩემპიონატში, „ვერეს", „რუსთავს", „თეთრიწყაროს", „ახალგორს" კი, დებიუტი ჰქონდათ.  დებიუტანტის კვალობაზე, აღნიშვნის ღირსია თბილისური კლუბი „ვერე", რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა და ქალთა ლიგებში, წლების მანძილზე მონაწილე კლუბებს სოლიდურადაც გადაასწრო.


სამწუხაროდ, გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩემპიონატს, საჩხერის „ქარიშხალა" გამოეთიშა, მონაწილე გუნდებს კი, საჩხერელებთან, გათამაშების დებულების თანახმად, ტექნიკური მოგება ჩაეწერათ.


და ბოლოს, 2024 წლის სეზონზე, ქალთა ლიგა 2-ში, ქალთა ლიგიდან სოხუმის „დინამო" ჩაინაცვლებს, რომელსაც ქალთა ლიგის გათამაშების დასრულებამდე, ყველაზე ცოტა 7 ქულა აქვს.