საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩზე, დღეს, ვალიადოლიდში, ესპანელთა ნაკრების არც თავკაცს, არ უსაუბრია. უფრო ზუსტად, თქვა მხოლოდ ის, რომ ევრო შესარჩევის დასრულებას მაჟორულ ნოტაზე შეეცდება და შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრაშიც მოგების სურვილი აქვს. თავის მხრივ, ვილი სანიოლიმ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იმის შესახება ისაუბრა, რომ სექტემბერში, ესპანეთის ნაკრებთან კოშმარული მატჩიდან, გუნდი ანალიზის გაკეთებას და სწორი დასკვნების გამოტანას შეეცადა.
„დღეს აქ რევანშისთვის არ ვართ ჩამოსულები. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ვაჩვენოთ ის პოზიტიური ძვრები, რაც გვაქვს. დღეს აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად", - ამბობს ვილი სანიოლი, მატჩის წინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, ლუკა ლოჩოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ხვალინდელ მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას, საქართველოში დარჩენილი საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები სხვადასხა შეფასებებს აძლებენ. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვლადიმერ გუცაევს მიაჩნია, რომ თუკი, სანიოლიმ მარტში ე.წ. „ექსპერიმენტები" გააგრძელა, მაშინ ჩვენი ნაკრების თამაშშიც არაფერი შეიცვლება - „მარტამდე ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ, ვინ მოიაზრება ნაკრების ბირთვში. როდესაც ფეხბურთელმა იცის, რომ შემადგენლობის წევრია, სულ სხვა მოტივაციით, განწყობითა და თავდაჯერებულობით ემზადება. ნაკრებში ამას ვერ ვხედავ" -ო, თვლის გუცაევი.
თაობათა ცვლის აუცილებლობაზე, იმავე არხზე ისაუბრა გიორგი დევდარიანმაც და დადებითად შეაფასა მომენტი, სადაც საქართველოს ნაკრები სამწვრთნელო შტაბი და კონკრეტულად სანიოლი ახალგაზრდებს ენდობა: „არის მოსაზრება, რომ სანიოლი უფრო გამოცდილ მოთამაშეებს ეყრდნობა, მაგრამ კვარაცხელიაზე რომ არაფერი ვთქვათ, გოჩოლეიშვილის, მექვაბიშვილის, კალანდაძის, ქოჩორაშვილისა და სხვა ახალი სახეების გამოჩენა მწვრთნელის მხრიდან ახალგაზრდების ნდობაზე მეტყველებს", თვლის დევდარიანი.
ეროვნულ ნაკრებში გამუდმებულ როტაციაზე ამახვილებს ყურადღებას კახა კაჭარავა, რომელსაც მიაჩნია, რომ ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს, რომ მას ენდობიან. სხვათა შორის, „დინამო თბილისში", სწორედ, „კაჭოს" მწვრთნელობის დროს დაიწყეს თამაში ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ზურიკო დავითაშვილმა... ფეხბურთელებმა, რომლებზეც დაყრდნობა ახლა ვილის სანიოლის უწევს. თუმცა, „გამიკვირდა, როდესაც სანიოლმა გუნდი ესპანეთთან 4-3-3 სქემით ათამაშა. არადა, მანამდე შეხვედრები ძირითადად 5-3-2 განლაგებით ჩავატარეთ და შედარებით უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ სანიოლია მწვრთნელი და თავად წყვეტს, გუნდს როგორ ათამაშებს", - ამბობს კაჭარავა.
და ლოგიკურად ისევ ხვალინდელ თამაშს რომ დავუბრუნდეთ, მატჩის წინა დღეს, უკვე ესპანეთში ჩასული საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი თავკაცისთვის სათამაშო სქემაზე არც ჩვენ, ქართული მედიის წარმომადგენლებს გვიკითხავს და არც „მარკას" ძალიან ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს, რომლებიც თბილისში, ყოველ ჯერზე ჩამოსვლისას, კატეგორიულად ითხოვდნენ ჩვენგან სასტარტო შემადგენლობას და სათამაშო სქემას, მატჩამდე ერთი დღით ადრე.
სამაგიეროდ, სანიოლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლევან შენგელიას გარდა, რომელიც შოტლანდიასთან მატჩში მსუბუქად დაშავდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის. ამას გარდა, ისიც თქვა, რომ როდესაც გუნდს ორი შეხვედრის გადაბმით თამაში უწევს, თანაც მეორე, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ძალების სწორად გადანაწილება უნდა მოახერხო. ამისთვის, ვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადაა. მზადაა, უფრო რთული, მეორე შეხვედრისთვის, ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში.
„ფეხბურთელებს არ დავიწყებიათ ის მარცხი, თუმცა აქ რევანშისთვის არ ჩამოვსულვართ. ახლა მარტის პლეი-ოფისთვის ვემზადებით და მოთამაშეებმა მხოლოდ საკუთარ ასპარეზობაზე და გუნდის წარმატებულ თამაშზე უნდა იფიქრონ. შესაძლოა, ესპანეთის დონის ნაკრებთან ძალიან კარგად ითამაშო, მაგრამ მაინც დამარცხდე. ასე რომ, ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენი თამაშის ხარისხზე და მარტისთვის მზადებაზე" - ამბობს სანიოლი.
„ესპანეთთან თბილისში ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ. თუმცა, მარცხი ფეხბურთის ნაწილია და ამის გარეშე მოგებას ვერ ისწავლი. ვფიქრობ, გუნდის თითოეულმა წევრმა გაანალიზა ის მატჩი, თავისი პასუხისმგებლობა აიღო და გამოიტანა დასკვნები. როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ მარტის თამაშებისთვის. ამის შემდეგ, წარმატებული სერია გვქონდა და აქ იმისთვის ვართ, რომ უკეთ ვითამაშოთ", - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ევრო შესარჩევის დაწყებისთანავე დაკარგა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი, ერთა ლიგის ფლეი-ოფებზე „გადაერთო". ბუნებრივია, ისიც, რომ იტოდა ამას ოფიციალურად ქართული მხარე თუ არა, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ევროს ფინალისთვის, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ აქცენტი, სწორედ უეფა-ს ერთა ლიგაზე გაგვემახვილებინა. ე.წ. მარტის თამაშებზე, რომელსაც დღესაც, ჩვენი ნაკრების თავკაცი რამდენჯერმე შეეხო და რეალურად, რაზეც გააკეთა გათვლა, ბევრისთვის გეგმიური, ნაწილისთვის კი გაუგებარი. აქ მხედველობაში, ხშირი როტაცია გვაქვს, რომლის დროსაც, გვინდა გვჯეროდეს, რომ ნაკრების მწვრთნელი, მარტივ დაკვირვებებს აწარმოებდა.
„კაკაბაძე ძალიან საიმედო იყო წინა მატჩში. ფაქტობრივად, არ ჰქონია შეცდომა, ფანტასტიკური იყო შოტლანდიასთან შეხვედრაში. ტრავმის შემდეგ ის ძალიან კარგად დაბრუნდა. ის მზადაა ითამაშოს, მეორე თამაშიც. ქოჩორაშვილი, მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს და თამაშობს, განსხვავებული მენტალობის და შესაძლებლობების ფეხბურთელია, ძლიერია ბურთით და უბურთოდ, საიმედოა და აგრესიულია მოედანზე, ძალიან მომწონს. მჯერა, რომ რაც დრო გავა, უფრო წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. შოტლანდიასთან ქოჩორაშვილი ძალიან დაგვეხმარა იმ სივრცეში, სადაც გვჭირდებოდა. განვიხილავთ თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ კაპიტნად? ამჟამად გუნდში, კაშიაა კაპიტანი და ამით, ყველა ბედნიერია. ის არის გუნდში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი იცის თამაში, შეუძლია დაეხმაროს თანაგუნდელებს გასახდელში, მინდორზე, უბრალოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. იცით, დღეს, საქართველოში და შეიძლება უფრო შორსაც, „კვარა", საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია, თუმცა, ზოგჯერ, სახელზე მეტი კაპიტნობისთვის, ის თვისებებია რაც უკვე აღვნიშნე. ამ ეტაპზე, გუნდში კაპიტნის რანგში კაშიაა და მომავალი დანარჩენს აჩვენებს", - ამბობს სანიოლი.
კონკრეტულად ჩვენი, TSFF.Ge-ს კითხვა მწვრთნელის საუბრიდან გამომდინარეობდა... სანიოლიმ, ქართული გუნდის „ინგრედიენტები" ახსენა და ჩვენც დავინტერესდით, შოტლანდიასთან თამაშის ანალიზის შემდეგ, თუ ნახე, რამე დამატებითი, რასაც მაგალითად ხვალ გამოცდის. საინტერესოა, რომ თბილისში, მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის შემდეგ, სანიოლიმ გადაწყვიტა, რომ 60 კი არა, საქართველოს ნაკრებმა 70 წუთი ითამაშა კარგად და ბოლო 15 წუთი, „ძალიან რთულად" მოიხსენია. მოკლედ, ხვალინდელ „ინგრედიენტებზე" არაფერი თქვა, თუმცა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ:
„საქართველოს სჭირდება, რომ ამ ქვეყნის გუნდმა ითამაშოს დიდ ტურნირზე. ხვალ, შევეცდებით, საკუთარი თავი კარგად წარმოვადგინოთ. მიუხედავად, წინა თამაშისა. როდესაც ესპანეთი ჩამოვიდა საქართველოში, იყო ქართველო ჟურნალისტი ვინც მკითხა, შეიძლება თუ არა ესპანეთთან ამბიცია გვქონდესო, რადგან ესპანეთის ნაკრები ცუდად გამოიყურებაო. რა თქმა უნდა, მას არ დავეთანხმე. ალბათ, მან უყურა ესპანეთის ბოლო ფელი-ოფს ერთა ლიგაზე. მე მომწონს ესპანეთი როგორც თამაშობს და ის არის ყველაზე ძლიერი გუნდი რაც ამ ბოლო წლებში ყოფილა. ის თამაშობს ყველა ზონაში კარგად, დინამიურია და ინგლისთან ერთად ვთვლი რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება საქართველოს, მისი დიდ ტურნირზე თამაში გუნდია. ეს სჭირდება საქართველოს, რათა მთელმა ევროპამ გაიგოს, რომ ეს კარგი ქვეყანაა, სადაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი მოედანზე წყდება. ვიმედოვნებ, ხვალ თავს კარგად წარმოვაჩენთ და კარგ გუნდურ ფეხბურთს ვითამაშებთ, რადგან ეს ბოლო შეხვედრაა მარტის ფლეი ოფის წინ", - ამბობს სანიოლი.
ვალიადოლიდში, ესპანეთი - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით, მატჩზე დასასწრებად, ამ მშვენიერ ესპანურ ქალაქში, ქომაგების პატარა ჯგუფის გარდა, რომლებმაც გუნდთან და ჩვენთან ერთად, ჩარტერით იფრინეს, თავს იყრიან საქართველოდან, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, ევროპაში მყოფი ქართველები. ბუნებრივია, კვიპროსზე, ქართული ტრიბუნა უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა, წესით არც აქ უნდა იყოს ურიგო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველი ჟურნალისტების პატარა ჯგუფის თამაშზე დასწრების ინიციატორები საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არიან.