დღეს, ხოსე ზორილას სახელობის სტადიონზე ვილი სანიოლიმ, სექტემბერში, თბილისში გამართული პრეს-კონფერენციის ერთი ფრაგმენტი გაიხსენა. მაშინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ჰკითხეს, ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრებს მოიგებდა თუ არა. დღეს, ვილიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ესპანეთის ნაკრები, ევროპაში ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრად, უფრო ძლიერი ვიდრე ის, წინა წლებში იყო. რაც შეეხება ქართველ ჟურნალისტს, მან ალბათ, ერთა ლიგის ფინალს უყურა ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის, რომ ჩატარდაო.
ფაქტია, რომ ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრებს, დიდი ზარზეიმით ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბორიალისას ვერსად გადავაწყდი თამაშის მანიშნებელ რაიმე აფიშას, აქ, ხვალინდელი მატჩის სუნი ტრიალებს. მასპინძლები, 3 ქულას ელიან.
„ჩვენ ახალი და დიდი გუნდის შენების გზაზე ვართ. მოვიგეთ ერთა ლიგა, ახლა ევროპის ჩემპიონატის საგზური, გავიარეთ ეს კვალიფიკაცია. ქება კარგია, მაგრამ ყურადღებას ადუნებს. ჩვენ კი, უნდა გავიზარდოთ, მთელი აზრი ამაშია. შევეცდებით, მეშვიდე თამაშიც მოვიგოთ. საერთო ჯამში ამ წლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მე კონფორმისტი ვარ და მაქსიმალური მინდა", - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე დღეს, მედიასთან გამართული შეხვედრისას, რომელიც ზუსტად იმ მომენტში მიმდინარეობდა, როცა, მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობდა. თავად, ესპანეთის ნაკრებმა კი, ადგილობრივი, მადრიდის დროით, 12:00 საათზე ივარჯიშა.
ესპანეთის ნაკრები, ვალიადოლიდში კვიპროსიდან გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები იბერიის ნახევარკუნძულის ამ პატარა ქალაქის აეროპორტს ტოვებდა, როდესაც ამ ადგილას ფეხბურთის ადგილობრივმა გულშემატკივარმა დაიწყო თავშეყრა. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, კვიპროსზე ჩატარებული მატჩის შემდეგ ბრუნდებოდა... დღეს კი, დილის 12:00 საათზე მადრიდის დროით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდი უკვე სავარჯიშოდ იყო მოედანზე. ხოსე ზორილას სტადიონზე კი ესკორტის თანხლებით დაახლოებით ვარჯიშამდე, საათნახევრით ადრე მოვიდა. გუნდის ესკორტი არც ერთ შუქნიშანზე არ გაჩერებულა, სტადიონისკენ მიმავალი გზა კი, პოლიციელებს ჰქონდათ შუქნიშნებთან, ავტობუსების გავლამდე გადაკეტილი.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, რომელიც ისეთი მცირე ზომის ოთახში ჩატარდა, რომ სუნთქვაც კი ჭირდა, არა თუ გადაადგილება, ესპანელებმა ილაპარაკეს ზოგად თემებზე, ტრავმებზე, სათამაშო კალენდარზე, ფეხბურთელების საკლუბო ცხოვრებაზე, მომავალ ევრო 2024-საც კი გადაწვდნენ, თუმცა, საქართველოს ეროვნულზე არც არაფერი დაუკონკრეტებიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები, ერთმანეთს სექტემბერში შევხდით და მაშინ 1-7 წავაგეთ. ხვალ კი, ვალიადოლიდში მატჩი, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.
სხვათა შორის, სტადიონი ხვალინდელი მატჩისთვის დილიდან ემზადებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დროს, კი ტაბლო გატესტეს და პირველი გოლიც ჩვენს სასარგებლოდ აანთეს, თუმცა, საბოლოო ანგარიშად 3-3 დაწერეს. თუმცა, ჩვენ 0-1 უფრო მოგვწონს და იქნებ გაჭრას?