საქართველოს ეროვნული ნაკრები ვალიადოლიდშია
საქართველოს ეროვნული ნაკრები ვალიადოლიდშია
17.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის დროით 15:35 საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, გულშემატკივრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ჩარტერული რეისით ვალიადოლიდში გაფრინდა. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ, ვილი სანიოლის გუნდის ჩარტერი იტალიურმა ავიაკომპანიამ შეასრულა, რომელსაც ინტერნაციონალური ბორტი #737 ემსახურებოდა. მომავალი მატჩის ადგილამდე საფრენი დრო 6 საათი და 15 წუთი იყო.

ვალიადოლიდში, საქართველოს ნაკრები იმავე შემადგენლობით გაემგზავრა, რომლითაც ნოემბრის შეკრება დაიწყო და გუშინ, უეფა-ს ევრო 2024-ის ბოლო შესარჩევი შეხვედრა გამართა. თუმცა, თვითმფრინავში ყოფნისას გავარკვიეთ, რომ ლევან შენგელია, შოტლანდიასთან მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო, 19 ნოემბერს, ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე, ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.


ლევანთან ერთად, ვალიადოლიდში არიან:


მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)


დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია" კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია", ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო", თბილისი, საქართველო)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი", ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო", თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი", ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია).


თბილისში, გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილია, პირველი 60 წუთით - ამ პერიოდში სანიოლის გუნდს გამოსდიოდა თამაში ბურთითაც და უბურთოდაც. ის, რის გაკეთებასაც მისი გუნდი სხვა თამაშებში ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა. თუმცა, არ გაურბის იმ ფაქტსაც, რომ ბევრი კიდევ დასახვეწია. ზოგი მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით - მაგალითად, ფეხბურთელებისთვის, ცოტა სათამაშო დრო კლუბებში.  საინტერესოა, მარტამდე რომ არ გავწელოთ, უკვე 19 ნოემბრის შეხვედრაში შეეცდება თუ არა მისი გუნდი, შოტლანდიასთან გუშინდელი შეხვედრის ბოლო 30 წუთის წუნის მცირედით გამოსწორებას.


გუშინდელი მატჩიდან კიდევ ერთ დეტალს გავუსვამთ ხაზს, რომელიც კონკრეტულად ჩვენი სუბიექტური მოსაზრებაა და ჩვენი მოწონება დაიმსახურა  - ოთარ კაკაბაძე, რომელიც კარგად დაბრუნდა გუნდში. ქოჩორაშვილი, რომელიც საერთო სურათში გუშინ კარგად ჩაჯდა. ჩაკვეტაძე, რომელიც მატჩიდან მატჩამდე „გვიბრუნდება" და ბოლოს, კვარაცხელია, რომლის შეჩერებასაც შოტლანდიელები, მხოლოდ წესების დარღვევით ახერხებდნენ. მან კი, დუბლი მაინც შეუსრულა.


და ბოლოს, ვინაიდან სიტყვამ „კვარა" მოიტანა და გუშინ, მის მიერ მიღებულმა ყვითელმა ბარათმა სრულიად ერი დააფიქრა, გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ხვიჩას თამაშის გამოტოვება არ უწევს, რადგან მას, მხოლოდ მეორე ყვითელი აქვს და ამ მხრივ, „ლიმიტში" ჯდება.


ჩარტერული რეისი, სასიამოვნო იტალიური საუნდ-ტრეკების თანხლებით, თბილისიდან აფრენის შემდეგ, ვალიადოლიდის აეროპორტში ადგილობრივი, მადრიდის დროით, 19 საათისთვის  (21 საათი თბილისის დროით) დაეშვა. გუნდი  Hotel Silken Juan de Austria - ში სასტუმროში დაბინავდა.   


პს - ჩარტერულ რეისში მედიის წარმომადგნელები საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის კვოტით მოვხვდით, რისთვისაც ასოციაციას მადლობას ვუხდით.