60 წუთი და ალბათ, მაინც უფრო რეპეტიცია მარტის წინ
60 წუთი და ალბათ, მაინც უფრო რეპეტიცია მარტის წინ
16.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუნებრივია, მარტის ფლეო-ოფის ბედი ყველას გვადარდებს, ფეხბურთელსაც, მწვრთნელსაც, ფედერაციასაც, გულშემატკივარსაც და ჩვენ, მედიასაც, თუმცა, მიმაჩნია, რომ სადებატო და სადისკუსიო სივრცე და ფორმატი, ოდნავ სხვაა, ვიდრე მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია. მითუმეტეს, როდესაც უკვე დასრულებული მატჩის შემდეგ, ორივე გუნდი, მიმდევნო თამაშის ჩასატარებლად გზას ადგას და გამგზავრებამდე, მწვრთნელებს,  კონკრეტული თამაშის ანალიზიც გასაკეთებელი აქვთ... ბუნებრივია, არავის მასწავლებლად არ მინდა მოვევლინო,  მითუმეტეს, როდესაც ქალი ლაპარაკობს, იქ, მასზე უფრო ასაკიანი, თან მამაკაცები ბევრს „წამოაძახებენ" და ამ სტატიის დასაწყისის წაკითხვის შემდეგაც არ დააკლებენ, თუმცა... ყველაფერს, თავისი ადგილი და დრო აქვს.

ბუნებრივია, ვერ იქნები კმაყოფილი თამაშით, რომელსაც ორჯერ იგებდი და ორჯერ გაგითანაბრეს, სადაც ტაიმ-ნახევარი კარგად ითამაშე და შემდეგ, გაჩერდი. მიუხედავად ამისა, მედიის დიდი ნაწილი დღეს თანხმდება, რომ შოტლანდიის წინააღმდეგ, „დინამო არენაზე" ჩატარებული თამაში, ხარისხობრივად ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე აქამდე გამართული სხვა შეხვედრები. თანხმდება იმაშიც, რომ მთელი მატჩის მანძილზე კვარაცხელია-ჩაკვეტაძის დუეტი კარგად ართმევდა თავს დავალებებს. პირადად, ჩვენი აზრით, ტრავმით გამოწვეული შესვენების შემდეგ, გუნდში კარგად გამოჩნდა ოთარ კაკაბაძეც. თუმცა, იყო წვრილმანი შეცდომებიც, რომელიც მარტამდე გამოსასწორებელია.




„60 წუთი კარგად ვითამაშეთ, კმაყოფილი ვიყავი,  რადგან  თამაში გამოგვდიოდა იმის გაკეთება, ბურთითაც და უბურთოდაც, რასაც ამდენი ხანია ვცდილობთ. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ამჟამად რამდენიმეს კლუბებში ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ზოგი შეიძლება 15 წუთს თამაშობს, სხვა 20-ს. რაც გუნდს დაეტყო. მაგალითად ჩაკვეტაძეს 35 წუთი უწევს თამაში, მიქაუტაძეს თითქმის არა.  გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც ძალიან ბევრი კარგი შეიძლიათ გააკეთონ, მაგრამ... ბოლოს ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და კარგად ჩატარებული 1 საათის შემდეგ, სათამაშო ხარისხი დაეცა, ალბათ ცვლილებების გამოც. მაგრამ ეს ფეხბურთია. დღეს, მოედანზე იყო ორი გუნდი, რომელიც ცდილობდა ეთამაშა, მოეგო. გუშინ ჩვენ, ვისაუბრეთ და თუ გახსოვთ, მე ვთქვი, რომ ეს მატჩი 0-0 ნამდვილად არ დასრულდებოდა.  ვფიქრობ მარტისთვის კარგი მოსამზადებელი სპარინგი გამოვიდა", - იტყვის ვილი სანიოლი მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეხვედრაზე.


საქართველოს ნაკრები მე-15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაწინაურდა.  გოლი ჩაკვეტაძის აქტიურობის შემდეგ, ფლანგიდან, კაკაბაძის ზუსტ გადაცემას მოჰყვა, რომელიც კარგად „კვარამ" დააბოლოვა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი, თუმცა, გოლამდე საქმე ვერ მივიდა. მაგალითად, 25-ე წუთზე ჯერ შენგელიას აუღო შოტლანდიელთა მეკარემ, შემდეგ მიქაუტაძემ გაისწორა დარტყმა. სხვათა შორის, შეხვედრას, ჩრდ. მაკედონიელ მსაჯთა ბრიგადა სჯიდა, რომლებმაც ჩვენს ეროვნულს, რამდენიმე საათით ადრე, სკოპიეში, მაკედონიელი 21-წლამდების „დაკლებული შეუვსეს". თუმცა, იყო შეცდომები, რომლებზეც ქართველთა სამწვრთნელო შტაბი კიდევ უფრო ღრმად იფიქრებს და აქ, მსაჯებს ვერ გადავაბრალებთ ვერაფერს.




„შეცდომებს აუცილებლად დეტალურად და ვრცლად გავაანალიზებთ, ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ახლაა ამის გაკეთება შესაძლებელი. ვიმეორებ, 60 წუთით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რაც მოედანზე ხდებოდა, მაგრამ შემდეგ თავი დაღლილობამაც იჩინა. დღეს, გვაკლდა კიტეიშვილი და ხოჭოლავა, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და იმედი მაქვს, რომ  ისინი მარტში დაგვეხმარებიან," - ამბობს სანიოლი.


შეცდომები დაიწყო მეორე ტაიმში. საწყის წუთებში ცოტა ნაკლები, თუმცა, გოლი 49-ე წუთზე მაინც გავიდა - სკოტ მაკტომინემ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა „კვარას" დუბლით, 57-ე წუთზე მოახერხა კვლავ დაწინაურება და „კვარამ" ეს ისევ „ჩაკვეს" ზუსტი გადაცემის შემდეგ მოახერხა. ამ მომენტიდან, მიუხედავად იმისა, რომ წუნმა იმატა, ჩვენი გუნდი ახლოს იყო 3 ქულასთან. ალბათ, ერთ მომენტში, „კვარას" და ჟორჟის, რომ ერთმანეთისთვის უკეთესად გაეგოთ, 3 ქულაც უფრო რეალური იქნებოდა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული 7 წუთიანი მონაკვეთის მე-3 წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრეს.  გოლი, ლოურენს შეკლენდმა გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.




„შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით. მნიშვნელოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავამტკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო", - ამბობს  ხვიჩა კვარაცხელია. რომელზეც მატჩის შემდეგ, სანიოლი იტყვის, რომ „კვარა" არაა ის ფეხბურთელი, რომელსაც ეტყვი რა გააკეთოს, თუმცა, გუნდში, ასეთი იმპროვიზაციის მქონე, „თავისუფალი" ფეხბურთელებიც საჭიროა.


სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, შოტლანდიელი ჟურნალისტები სტივ კლარკს და მის გუნდს შეაქებენ, რომ ქართველების „პროვოკაციებს" არ აჰყვნენ, არა და, „პროვოკაციების"  სუნი, ცოტა სხვა მხრიდან უბერავდა, თავის მთელ რიგ უხეშობებთან ერთად, რომელსაც მსაჯი რეალურად ატარებდა, მაგალითად, მსგავსზე საპირისპიროდ რეაგირებდა.


„მეტოქის ფეხბურთელების პროვოკაციები? ყველა მატჩში მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მეტოქე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, ამიტომაც, უნდა გვახსოვდეს, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერს აკეთებს ანგარიშის შესანარჩუნებლად. დიახ, ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ხშირად იწვნენ, მაგრამ ეს არის თანამედროვე ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პრობლემას ვერ ვხედავ", - პასუხობს კლარკი.


შეიძლება, ქართველები ხშირად „იწვნენ" მინდორზე, მაგრამ არა საკუთარი ნებით. არც საჩხუბრად გაუწევიათ პირველებს, და წინა შეხვედრაშიც, წყალბურთის მოედანი ჩვენ არ დაგვიხვედრებია, მაგრამ რაც იყო იყო. შოტლანდია, უკვე ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზეა, ისევე, როგორც ჯგუფში ჩვენი ბოლო მეტოქე ესპანეთი. აი, ჩვენ კი, 2024 წლის მარტში მოგვიწევს მნიშვნელოვანი ფლეი-ოფი, სადაც უიმედოდ არ უნდა ვიყოთ.




„ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები მესამე კალათის გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი-ოფში ექნება. თქვენ ხვიჩა კვარაცხელიას სახით ჯადოსნური ფეხბურთელი გყავთ, ვილი სანიოლიც კარგი მწვრთნელია, შესაბამისად, ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია", -ამბობს კლარკი.


ევრო შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი, საქართველოს ეროვნული 19 ნოემბერს ვალიადოლიდში გამართავს და ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თბილისიდან, ვილის სანიოლის გუნდი ხვალ, შუა დღით გაფრინდება.