შოტლანდიის ნაკრები დღეს გვიან საღამოს ჩამოფრინდება თბილისში. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებმა უეფა-ს ევრო 2024 ბოლო საშინაო შეხვედრის წინ, „სიახლე" დანერგეს და მატჩისწინა დღეც, ისევე, როგორც მთლიანი და ხანგრძლივი ნოემბრის შეკრება ანტალიაში გაატარეს. იქ ივარჯიშეს, მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზეც ანტალიიდან ჩაერთნენ და ახლა, რამდენიმე საათში, საქართველოსკენ გზასაც დაადგებიან.
„გუნდებში, დანაკლისი ყოველთვის არის. თუმცა, მათი ჩანაცვლების რესურსი უნდა არსებობდეს. ასეა ყველგან და ასეა ჩვენთან, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელებსაც ყოველთვის აქვთ თავის გამოჩენის სურვილი. ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენ გვიწევს საუკეთესოების შერჩევა და ბევრს უნდა თავის გამოჩენა, ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება. ვფიქრობ, რომ კარგად ვართ მომზადებული. მოვემზადეთ სხვა ფორმულით, კარგ პირობებში და ხანგრძლივი დროის განმავლობაში", - ამბობს შოტლანდიელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი, რომელიც არ ბუნებრივია, არ აკონკრეტებს არც ხვალინდელ შემადგენლობას და არც იმას, თუნდაც, მეკარეთაგან რომელს ენდობა. „ჩვენი მიზანია ამ შესარჩევ ციკლში მეტი ქულა ავიღოთ და ამ მხრივ, გამოვასწოროთ ჩვენი სარეიტინგო მდგომარეობა, საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას სასურველ კალათში მოხვედრაში მოგვეხმარება".
სხვათა შორის, დღემდე, შოტლანდიის ნაკრებს საქართველოში ორი შეხვედრა აქვს გამართული და აქედან, არც ერთი მოგებული. უფრო მეტიც, ჩვენი გუნდის ხვალინდელმა მეტოქემ თბილისში, 2007 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა 2-0 წააგო, 2015-ში კი, 1-0.
დღეს, პრეს-კონფერენციაზე, სტუმართა გუნდის წარმომადგენელმა მედიამ, სწორედ, ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. შესაბამისად, აქცენტი ამ სტატისტიკის გამოსწორებაზე გაკეთდა. შოტლანდიელი ჟურნალისტები საკუთარი გუნდისგან ვითარების გამოსწორებას მოელიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, ოდნავ თავშეკავებულად საუბრობს აღნიშნულ საკითხზე და თვლის, მის გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბეში უდევს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
„რაც იყო (წარსულში) ის უკვე იყო და ამას ვეღარ შეცვლი. მთავარი ახალ ხვალინდელი თამაშია და ამაზე უნდა მოვახერხოთ კონცენტრირება. როდესაც ისეთი გუნდის სათამაშოდ სტუმრად ჩადიხარ, როგორიც საქართველოა, იქ მარტივად არ იქნება. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია", - ამბობს სკოტი.
კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მართალია, ევრო შესარჩევიდან ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი აღარ აქვს, თუმცა, საკუთარ კედლებში, სავსე ტრიბუნის წინაშე მოუწევს თამაში, შოტლანდიის ნაკრებს, თბილისში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმების გამო დააკლდება. ამ გადმოსახედიდან საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდში დაცვის ხაზში თამაში და მეკარეები აღელვებთ.
და ბოლოს, გუნდი ჯერ ისევ ჰაერშია, თბილისში კი, მეორე დღეა კილტებით მოსიარულეთ შეამჩნევთ. ჩვენი ინფორმაციით, თამაშს დაახლოებით 1600 შოტლანდიელი ქომაგი დაესწრება.
ფოტო: © Copyright: 2020 SNS Group / SFA