დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი მოგებით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდმა ანგარიშით 0-2 დაამარცხა კვიპროსის 19-წლამდეთა ნაკრები. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა, კარის მიმართულებით, არც ჩვენები ურტყამდნენ ბევრს. ქართველი 19-წლამდების ანგარიშზე საერთო ჯამში, კარის მიმართულებით 6 დარტყმაა, აქედან 4 კარის ჩარჩოში, საიდანაც 2 გოლით დასრულდა.
პირველი გოლი საქართველოს 19-წლმდებმა 23-ე წუთზე გაიტანეს. „დინამო თბილისის აკადემიის" წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ცეცხლაძემ მორიგი სახიფათო გარღვევის შემდეგ ფლანგიდან, ჩააწოდა, თანაკლუბელმა ცოტნე ბერელიძემ კი, ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე გოლი 81-ე წუთზე გავიდა. ამჯერად თავი, იტალიურ „კრემონეზეში" მოთამაშე დაჩი ლორთქიფანიძემ გამოიჩინა.
მომდევნო შეხვედრას ვასილ მაისურაძის გუნდი 18 ნოემბერს ჩაატარებს, კვლავ მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე. მისი მეტოქე კი, მოლდოვას 19-წლამდეთა ნაკრები იქნება შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. 17:00 საათზე მიხეილ მესხის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება ესპანეთისა და კვიპროსის 19-წლამდეთა შეხვედრა.
დღეს კი, ესპანეთისა და მოლდოვას 19-წლამდეთა მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, 5-0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მე-6 ჯგუფს, სადაც ესპანეთის, მოლდოვას, კვიპროსისა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებები თამაშობენ, თბილისი მასპინძლობს. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.
სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი