დღეს, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ" ფიბა-ს ევროლიგის 2023-2024 წლების სეზონზე, კიდევ ერთი თამაში მოიგო. მილანის „ოლიმპიას" წინააღმდეგ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდებმა პერიოდებიც მონაცვლეობით მოიგეს, პირველი სტუმრებმა, 21-26, მომდევნო „ვირტუსმა" 24-14. შესაბამისად, დიდ შესვენებაზე თოკოს გუნდი 5-ქულიანი უპირატესობით, 45-40 გავიდა. თუმცა, მესამე მეოთხედის შემდეგ, მასპინძლები, მხოლოდ 2 ქულითღა იგებდნენ, შეხვედრის ეს მონაკვეთი კვლავ „ოლიმპიამ" მოიგო, 20-23.
კულმინაციას კი, მატჩმა ბოლო მეოთხედში მიღწია. როდესაც ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის შემდეგ, „ვირტუსმა" 9 ქულით მოახერხა დაწინაურება. ამასთან ბოლო 2 ქულა სწორედ თოკო შენგელიამ ჩააგდო და საჯარიმოდან მესამეს აღებაც შეეძლო. თუმცა, თოკო, საჯარიმო სროლა გააცუდა. მოწინააღმდეგემ კი, ანგარიშის შემცირება მოახერხა. მიუხედავად ამისა, ქართველის გუნდმა თამაშის გაკონტროლება მოახერხა და საბოლოოდ, 86-79 მოიგო. შენგელიას ანგარიშზე, 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასია. საერთო ჯამში, შენგელიამ პარკეტზე „ვურტუსიდან" ყველაზე მეტი დრო, 28:23 წუთი დაჰყო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი, 20% შეადგინა.
ახლა, შენგელიას გუნდს, 8 თამაშის შემდეგ, 6 მოგება და 2 მარცხი აქვს. სატურნირო ცხრილში კი, 12 ქულით მესამე ადგილზეა, „ბარსელონას" შემდეგ, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები ჩატარებული.
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გუნდი 17 ნოემბერს, საბერძნეთში, „პანათინაიკოსის" წინააღდეგ გამართავს.
ფოტო: @Virtus Segafredo Bologna