რამაზ სვანაძის გუნდი სკოპიეშია და ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდეთა წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება
რამაზ სვანაძის გუნდი სკოპიეშია და ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდეთა წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება
14.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სკოპიეშია და უეფას 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიაში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა, რომელთა შორის არის საბა საზონოვიც. ფეხბურთის გულშემატკივართა და მედიის ნაწილი საზონოვს, ეროვნულის განაცხადში ელოდა, თუმცა, საერთო გადაწყვეტილებით, საბას საჭიროება ამ მომენტში 21-წლამდეთა ნაკრებში უფროა.

სვანაძის ნაკრების შემადგენლობაში ოქტომბრის სანაკრებო თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია ვასილიოს გორდეზიანს. დღეს ცნობილი გახდა, რომ „პაოკის" ქართველი ფეხბურთელი 21-წლამდეთა შორის ამჯერადაც, ტრავმის გამო ვეღარ იქნება. მის არყოფნაში კი, სვანაძემ, ფოთის „კოლხეთი 1913"-ის შემტევს, გიორგი გვასალიას უხმო. ოქტომბერში ბოლო თამაში,  ტრავმის გამო გამოტოვა ჯადული იობაშვილმაც, რომელიც ახლა, გუნდთან ერთადაა ჩრდ. მაკედონიაში.  სკოპიეშია გიგი აბუაშვილიც, რომელმაც სვანაძის გუნდთან ერთად ოქტომბერში, ბათუმის შეკრებაზე არ ყოფილა.


მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი").


მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი"), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო" ქუთაისი), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („გაგრა"), ზურაბ რუხაძე („მეტა", ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი"), საბა საზონოვი („ტორინო").


ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი"), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო"), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო"), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი"), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი"), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე", ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი, რუსეთი),  დემეტრე გვასალია („კოლხეთი 1913", ფოთი).


თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი აბუაშვილი („პეტროლული", რუმინეთი).


ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდე ნაკრებს, რამაზ სვანაძის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება. მანამდე კი, ჩვენმა გუნდმა, სკოპიეში უკვე ივარჯიშა.


ჯგუფში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, ჯგუფს 12 ქულით ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს, 7-7 ქულით კი, მეორე და მესამე ადგილებს, საქართველოსა და შვედეთის ახალგაზრდული ნაკრებები იკავებენ.



სფფ-ს ფოტო