ნაკრებმა შეკრება დაიწყო, სიგუა გუნდს გამოაკლდა
ნაკრებმა შეკრება დაიწყო, სიგუა გუნდს გამოაკლდა
13.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას მცირე ცვლილებით იწყებს. ვილი სანიოლის გუნდს, მას შემდეგ, რაც დღეს, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ბევრი ილაპარაკეს, გაბრიელ სიგუა გამოაკლდა. 18 წლის ფეხბურთელს, რომელიც „ახლაგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა" ქუსლის პრობლემა აქვს, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მისთვის დასვენების საშუალება, ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება იყო. ჯერჯერობით უცნობია, ჩაანაცვლებს თუ არა სიგუას რომელიმე სხვა ფეხბურთელი ამ შეკრებაზე. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს, სექტემბერში 21-წლამდეთა გასვლითი მატჩის გამოტოვება მოუხდა მიკრო ტრავმის გამო. ოქტომბრის შეკრებაზე კი, გაბრიელი შვედეთის 21-წლამდეთა ნაკრების წინააღმდეგ, ბათუმში გამართულ მატჩში, ერთ-ერთი გამორჩეული რგოლი იყო.

 

ვინაიდან სიტყვამ ტრავმა მოიტანა, გეტყვით იმასაც, რომ ტრავმის გამო ამ შეკრებას ოთარ კიტეიშვილი და დათი ხოჭოლავა ტოვებენ. ტრავმის შემდეგ კი, ნაკრებში ოთარ კაკაბაძე დაბრუნდა, რომელზეც დღეს ვილი სანიოლიმ, მედიასთან შეხვედრისას ასევე გაამახვილა ყურადღება და საჭირო და გამოცდილ კადრად მოიხსენია.




„ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან ეს ბოლო შეკრებაა მარტის ფლეი-ოფამდე",  - ეს არის ოთარ კაკაბაძის კომენტარი, რომელიც სფფ-ს სანაკრებო ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.


რაც შეეხება თავად ნაკრებს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით, მიხეილ მესხზე ივარჯიშა. ვილის სანიოლის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო. სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ხვალიდან, 14 ნოემბრიდან ეროვნულ ნაკრებს, გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე  შეუერთდებიან.




„ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, თუმცა ხვალ ყველა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ ეს მატჩები. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის", - ამბობს გურამ კაშია, ეროვნული ნაკრების კაპიტანი.


ეროვნული ნაკრები სიგუას გარეშე, 24 ფეხბურთელის შემადგენლობით რჩება:


მეკარე: გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)


დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია" კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია", ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი", საქართველო)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰათაისპორი", ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი", ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია)




შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს თბილისში, „დინამო არენაზე" უეფა-ს ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. 17 ნოემბერს კი, ვალიადოლიდში გაემგზავრება, სადაც ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 19 ნოემბერს ითამაშებს.


ჩვენი გვედრი, შეეცდება, აღნიშნული თამაშების და ამ თამაშებთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე, სისტემატურად მოგაწოდოთ ინფორმაციები.





სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი