„არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გენერალური რეპეტიცია რადგან არის განსხვავები, გუნდებს შორის რომლებსაც ახლა უნდა ვეთამაშოთ - შოტლანდიას, ესპანეთს და ვისთან თამაშიც მოგვიწევს მარტში, მაგრამ ეს თამაშები, ბუნებრივია მნიშვნელოვანია. არ არის მოლოდინი მარტისთვის ტაქტიკური ცვლილებების მხრივ. რასაც ვაკეთებთ ახლა, მთელი ამ პერიოდის დროს, ის უნდა გავაკეთოთ უკეთესად და ბუნებრივია, ეს ორი თამაშიც ამისთვის უნდა გამოვიყენოთ. უკეთესად უნდა ვითამაშოთ დაცვაში, შუაში, შეტევაში და საერთოდ, უკეთესად უნდა ვიყოთ გუნდურად", - ასეთია ვილი სანიოლის, საქართველოს ეროვნული ნაკერების მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება, ჩვენი გუნდის ნოემბრის მატჩების წინ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დილიდან სასტუმრო „პულმანში" იკრიბება. საღამოს პირველ ვარჯიშსაც ჩაატარებს. მანამდე კი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდე იაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ტრადიციული შეკითხები ნაკრებში გამოძახებულ და არ გამოძახებულ ფეხბურთელებზე. ამ ჩამონათვალს თუ თემებად დავაჯგუფებთ ასეთ სურათს მივიღებ: მოთამაშეებს შორის სხვაობაა, მათი სათამაშო დროდან და ასაკიდან გამომდინარე. შესაბამისად უდგება, სამწვრთნელო შტაბიც ინდივიდუალურ ფეხბურთელებს. „სხვა მხრივ, ლაპარაკი არაა მართებული, ჯანსაღი ატმოსფერო და კონკრეტულ მომენტში კონკრეტული მოთამაშე" - ნაკრების ხელმძღვანელები ამ პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ამას გარდა, მაგალითად, რაც შეეხება საბა საზონოვს და პრესკონფერენციაზე მისი გვარის და ეროვნულ ნაკრებში არ გამოძახების შესახებ რამდენიმე ჟურნალისტმა დასვა კითხვა, პასუხი იყო ერთი - საბა ამ ეტაპზე 21-წლამდეთა ნაკრებში უფრო საჭიროა და იქ ჩატარებული მატჩი, მას გამოცდილების დაგროვებაშიც მიეხმარება.
„წელს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, გაგნიძე და საზონოვი ახლა კლუბებში თითქმის არ თამაშობენ. სწორედ ამიტომ, მათ ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს. იმედია, შრომას გააგრძელებენ და მომავალში მეტს ითამაშებენ. ეს ჩემთვის გამოძახების წინაპირობა იქნება. რაც შეეხება წიტაიშვილს, მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ლევან შენგელიამ ბოლო თამაშები კარგად ჩაატარა და ამ ეტაპზე მისი გამოძახება გადავწყვიტეთ. ჩვენ მასთან ბევრი გვილაპარაკია, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება", - ამბობს ვილი სანიოლი.
ბუნებრივია, პრესკონფერეციაზე იყო ლაპარაკი ტრავმირებულებზეც - ოთარ კიტეიშვილს ტერფის ტრავმაზე. დავით ხოჭოლავას ტრავმაზე (რომლის შესახებ, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ამ ჯერად არ აქვს ინფორმაცია), ასევე, საბა ლობჟანიძეზე, რომელიც არაა ტრავმირებული თუმცა, ნოემბრის ფანჯარაზე მის ამერიკიდან ჩამოყვანაზე თავი შეიკავეს.
პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ლევან შენგელიას ეფექტურობაზეც, გაბრიელ სიგუას პროგრესზეც, ალთუნაშვილზეც...
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. 19 ნოემბერს კი, ბალიადოლიდში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მერვე, ბოლო შეხვედრას გამართავს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ. მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება.
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია" კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია", ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო", თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი", ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო", თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი", ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია)