„ლანჩხუთი“ ქალთა ლიგის 2023 წლის გამარჯვებულია!
„ლანჩხუთი“ ქალთა ლიგის 2023 წლის გამარჯვებულია!
13.11.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


ერთწლიანი შესვენების შემდეგ, „ლანჩხუთი" კვლავ, საქართველოს ჩემპიონია. გურულებმა, მორიგი ტიტული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს და საჩემპიონო რბოლის ბოლო შეხვედრასაც, რომელსაც ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ „კვარტალის" წინააღმდეგ, მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.

 

მატჩის ფოტო-ამბავი


ქალთა ლიგის ფინალური ეტაპის მე-5 ტურში, თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე 2022 წლის ჩემპიონმა „სამეგრელომ", „ლანჩხუთს" უმასპინძლა. მიმდინარე სეზონის სტარტზევე ცხადი იყო, რომ მთავარი ტიტულისთვის, ეს ორი გუნდი იბრძოლებდა. დღევანდელ ტურამდეც გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ, შესაბამისად, ჩემპიონის ვინაობაც ურთიერთშეხვედრებში უნდა გადაწყვეტილიყო. ანგარიში, ლანჩხუთელებმა სწრაფი გოლით გახსნეს. მე-5 წუთზე ლელუ ჭიჭინაძემ გაიტანა. 33-ე წუთზე სოფიკო ნარსიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის კომპენსირებული დროში კი, ეთერ სულაშვილმა მესამე გოლოც გაიტანა. მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა. თუმცა, მიუხედავად ანგარიშისა, გოლის გატანა მთელი თამაშის მანძილზე ორივე გუნდს შეეძლო და შეხვედრაც საინტერესო გამოდგა. თუმცა, დღეს, ერთმა გუნდმა „ლანჩხუთმა" გაიმარჯვა 0-3 და მესამედ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 2024-25 წლების ევროსეზონზე საქართველოს სწორედ, „ლანჩხუთი" წარმოადგენს.


ხუთი გოლი გავიდა ზედა ჯგუფის მეორე შეხვედრაში. თუკი, პირველ მატჩში ოქროს მედლების ბედი წყდებოდა, თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გამოვლინდა. „კვარტალმა", „ბათუმს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში, ანგარიში სტუმრებმა, სწრაფი გოლით გახსნეს. მე-3 წუთზე, თათია შაინიძემ გაიტანა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი, ხატია ჭყონიამ „კვარტალს" მეორე გოლიც გაუტანა და შესვენებაზეც, „ბათუმი" ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმი კი, პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. შეხვედრის ამ მონაკვეთში სამი გოლი გავიდა და სამივე „კვარტალმა" გაიტანა. 53-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლიზი კანკიამ შეამცირა სხვაობა, 70-ე წუთზე ნათია დანელიამ გაათანაბრა ანგარიში, 85-ე წუთზე კი ეკა ხარაიშვილმა, თბილისურ გუნდს სამი ქულა, მესამე ადგილი და ვერცხლის მედლები ოფიციალურად გაუფორმა.


დღესვე, ქვედა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ცნობილია, რომ 2024 წლის ქალთა ლიგის გათამაშებას სოხუმის „დინამო" გამოაკლდება. გუნდმა, ხობის „კოლხეთთან" 0-11 წააგო, 7 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ერთი ლიგით დაქვეითდა. თბილისში, სფფ-ს დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გამართულ ამ შეხვედრაში 8 გოლი, თეონა თოდაძემ გაიტანა. თითო ნატა კვირკვაიამ, სვეტლანა გაბელაიამ და მარიამ ჩუბინიძემ. ფრედ, 0-0 დასრულდა შეხვედრა ქუთაისში, სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში, „მართვესა" და „ნორჩ დინამოს" შორის.