გუშინ როდესაც, საქართველოს ნაწილი ევროპულ საფეხბურთო შაბათ-კვირის ბატალიებში იყო ჩაფლული, ინგლისურ ბირმინგემში, რიგით 37-ე მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა ბატუტზე ხტომაში, სადაც ქართულმა გუნდმა - ლუბა გოლოვინამ, თეონა ჯანჯღავამ, მარიამ რაიმოვიმ და ანანო აფაქიძემ ქართული სპორტისთვის ახალი ისტორიის ფურცელი დაწერეს. პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენმა გოგონებმა, FIG-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში, რომელშიც საერთო ჯამში 40 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, გუნდურ ასპარეზობაში ბევრისთვის მოულოდნელად ბრინჯაოს მედლები მოიგეს.
ქართულმა გუნდმა წინ მხოლოდ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონები, ჩინეთის ქალთა გუნდი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები, ფრანგები გადაატარა.
მოგეხსენებათ, ისევე, როგორც სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ბატუტზე ხტომაშიც, წინა საოლიმპიადო სამზადისია და ქართველი სპორტსმენებიც ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად იბრძვიან.
„გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი ავიღეთ. ოლიმპიური ლიცენზია კი, მხოლოდ ინდივიდუალურ ხტომებში გაიცემა. მის მისაღებად, ამ ჩემპიონატზე ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ დავუშვი შეცდომა და ფინალში ვერ გავედი. მიუხედავად ამისა, სალიცენზიო ქულები მაქვს და მომავალ წელს, კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირია, მსოფლიოს თასი, სადაც ასევე შემიძლია საბოლოოდ, ქულების დაგროვება", - ამბობს ლუბა გოლოვინა, გუნდური ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ, TSFF.Ge-სთან საუბარში.