შენგელიას ზეშედეგიანი მატჩი სერია A-ში, მორიგი გამარჯვება და MVP-ის ტიტული
შენგელიას ზეშედეგიანი მატჩი სერია A-ში, მორიგი გამარჯვება და MVP-ის ტიტული
12.11.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

იტალიის ჩემპიონატში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც თავის გუნდს მორიგი გამარჯვებისკენ ულიდერა. სერია A-ს მორიგ ტურში ვირტუსმა "ტრევიზოს" უმასპინძლა და 91-77 რომ დაამარცხა, ქართველი ლეგიონერის დიდი დამსახურებაა.


შენგელია ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეა როგორც სერია A-ში, ისე ევროლიგაში და იგივე აღიარება ელის მას ნოემბერშიც, თუ ასე შედეგიან თამაშს გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 11-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.


ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. დიდი ალბათობით, ამ შედეგს სერია A-ს მე-7 ტურში ვერავინ გადაფარავს (კვირას 6 მატჩი გაიმართება)  და თორნიკე ტურის MVP-იც გახდება. ქართველი ფორვარდის კვალზე ბოლონიელთაგან 19 ქულით ავუდუ აბასი გამოირჩა, ისაია კორდინიერმა კი 16 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. სწორედ ტრევიზოსთან მატჩის დაწყებამდე გადასცეს თოკოს სერია A-ს ოქტომბრის თვის MVP-ის ტიტული.


6 მოგებითა და 1 მარცხით ვირტუსი პირველ ადგილზეა. შემდეგ ტურში, 20 ნოემბერს, ბოლონიელები ბრეშიას უმასპინძლებენ.