საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება. ელიგის ბოლო 3 ტურის შეხვედრებ სანაკრებო შესვენების შემდეგ გაიმართება. მანამდე კი, ქვეყნის ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე, სადაც პირველ ადგილზე მყოფო ბათუმის „დინამო", მომდევნო ადგილზე მყოფ „დინამო თბილისს" 9 ქულით უსწრებდა, დღეს ქულები დაკარგა და ახლა, საჩემპიონო რბოლაში, ორ „დინამოს" შორის 6 ქულაღაა სხვაობა და დარჩენილი სამი ტურიდან ერთი ერთმანეთში. თუმცა, თუ კალენდარს გადავხედავთ, ფინიში, მეორე ადგილზე მყოფ თბილისურ „დინამოს" უფრო რთული აქვთ ვიდრე აჭარულ გუნდს. თბილისელები, სანაკრებო შესვენების შემდეგ, ჯერ ქუთაისში „ტორპედოს", შემდეგ სახლში ბათუმის „დინამოს", ბოლოს კი პეტრო არენაზე „საბურთალოს" უნდა შეხვდეს. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს", „დინამოების" დერბის გარდა, მათ 34-ე ტურში „თელავის" მიღება მოუწევთ, ბოლო ტურში კი, ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლებენ.
33-ე ტურში თბილისელებმა, „დინამო არენაზე" საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, გათამაშების აუტსაიდერს, „შუქურას", 4-2 მოუგეს. გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიში მე-4 წუთზე უსმანე კამარას გადაცემის შემდეგ, დავით სხირტლაძემ გახსნა, ქობულეთელებმაც არ დააყოვნეს და მე-10 წუთზე, სტანდარტულის შემდეგ, გიორგი გოგოლაშვილმა წონასწორობა აღადგინა. ტაიმის შუაგულში, 27-ე წუთზე, უკვე სხირტლაძის გადაცემით კამარამ გაიტანა და „დინამო" კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კი, კიდევ ერთი გოლი გაუტანა „შუქურას". ორბურთიანი სხვაობიდან გამომდინარე, დინამოელებმა ოდნავ მოადუნეს ყურადღება, რითაც კარგად ისარგებლეს ქობულეთელებმა და გია აფხაზავამ ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა. მოგვიანებით, კიდევ რამდენჯერმე შეუტია სახიფათოდ, თუმცა, არც დინამოელებმა დააკლეს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, შეცვლაზე შემოსულმა ზორან მარუშიჩმა, ამ შეხვედრაში მე-4 გოლი გაიტანა, საკუთარ ნადავლს კი, ამ სეზონზე მე-14 დაუმატა.
მატჩის ფოტო-ამბავი
33-ე ტურში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბათუმის „დინამოს" შეეძლოა ჩემპიონობა დაებევებინა, თუმცა, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სადაც „სამგურალმა" ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა, აჭარულმა კლუბმა 3-2 წააგო. ამ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა პაატა ღუდუშაურის გოლით. 25-ე წუთზე გნამიას გადაცემის შემდეგ, ალექსანდრე ვერულიძემ ანგარიში გაათანაბრა. კიდევ 7 წუთში ღუდუშაურმა დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმის დაწებიდან მალევე კი, ბექა დარცმელიას ჩაწოდებული საჯარიმო დავით მაისაშვილმა გოლით დააგვირგვინა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი შეეცადა ვითარების გამოსწორებას. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე, ნიკა კალანდარიშვილმა, ბათუმელები ჩემპიონობისკენ მიმავალ „მწვანე" გზაზე „ყვითელზე" შეაჩერა.
ამ გამარჯვებით, „სამგურალმა" 50 ქულა დააგროვა და „საბურთალოს" გაუთანაბრდა, რომელმაც დღეს, „გაგრასთან" შეხვედრის მიწურულს წააგო 2-1. ანგარიში, გიორგი კოხრეიძის გოლის შემდეგ, შეიკნე სილამ გახსნა. მასვე, პირველ ტაიმში, შეეძლო გამარჯვებისკენ წინ წაეწია საკუთარი გუნდი, თუმცა, პენალტი გააფუჭა. თამაში უკვე დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც 88-ე წუთზე საბა თოიძემ ანგარიში გაათანაბრა. ეს, საბურთალოელებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ამით კი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე კლაუდინეიმ ისარგებლა და „გაგრას" სამი ქულა მოუტანა. „საბურთალო", რომელიც თასის ფინალშია გასული და თასის მოგების შემთხვევაში, ევროტურნირებზე ასპარეზობას ინაღდებს, მეოთხე ადგილს 4, მესამე ადგილს კი, 5 ქულით ჩამოშორდა. თავის მხრივ, „გაგრა" ორ ქულაშია გადასათამაშებელი ზონიდან, ერთი ადგილით მაღლა მყოფ „თელავთან", რომელსაც ჩემპიონატის დასრულებამდე, საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. სამი შეხვედრიდან კახელებს, ბათუმში „დინამოსთან", სახლში „საბურთალოსთან" და გასვლაზე „დილასთან" უწევთ თამაში. 33-ე ტურში კი, სახლში „ტორპედოსთან" 1-2 დამარცხდა. ანგარიში ამ შეხვედრაშიც პირველ ათწუთიან მონაკვეთში გაიხსნა - მე-8 წუთზე ანრი ჭიჭნაძემ გაიტანა. ტაიმის მიწურულს, თორნიკე მორჩილაძის გადაცემის შემდეგ, ჟონელ დეზირემ გაათანაბრა. თუმცა, მატჩის მიწურულს „ტორპედოელებს" საჭირო 3 ქულა ნიკა სანდოხაძემ მოუტანა.
ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომლითაც საერთოდ, 33-ე ტური დაიწყო, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „სამტრედიისა" და გორის „დილას" დაპირისპირებაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-15 წუთზე გოლი ონორე გომისმა გაიტანა. 42-ე წუთზე ალეკსანდარ მიშოვმა გაათანაბრა. თუმცა, 72-ე წუთზე მიკოლა კოვტალუკმა გორელები კიდევ ერთხელ დააწინაურა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. „დილამ" 1-2 მოიგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ერთი ქულით ჩამორჩება „ტორპედოს".
მომდევნო 34-ე ტური, სანაკრებო შესვენების შემდეგ გაიმართება. თამაშები 24 ნოემბერს არის ჩანიშნული.
სატურნირო ცხრილი