რატიმ მეოთხე მეოთხედში ამოქოქა, თუმცა, მოსაგებად 5 წამი არ ეყო
რატიმ მეოთხე მეოთხედში ამოქოქა, თუმცა, მოსაგებად 5 წამი არ ეყო
08.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიბა ევროპის თასზე თსუ-ს ჯგუფში 2 მატჩიღა დარჩა გასამართი, 15 ნოემბერს, ქართული გუნდი კვიპროსზე, ლიმასოლში „კერავნოსთან" ითამაშებს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი, 22 ნოემბერს თბილისში იტალიურ „ვარეზესთან" ჩაატარებს. ალბათ, დღეს, თბილისი არენაზე თსუ-ს ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა, სადებიუტო საკალათბურთო ევროთასებზე მეორე გამარჯვება ეზეიმა გერმანულ „გიოტინგენთან". თუმცა, ამისთვის ქართულ კლუბს, ბოლო მეოთხედში თავის მოქაჩლების ნაცვლად, ოდნავ მეტი ყურადღებით თამაში განსაკუთრებით მესამე მეოთხედში მართებდა. მაშინ, როდესაც სხვაობამ 17 ქულას მიაღწია. გადამწყვეტი მეოთხედის წინ კი ტაბლოზე ანგარიში 55-65 იყო სტუმრების სასარგებლოდ.

რეალურად, რაც თბილისელებმა მთლიანად თამაშში მოახერხეს მაინც ქების ღირსია, ვინაიდან გუნდის სასტარტო შემადგენლობაც კი, არასრული იყო - ლექსო ლაფანაშვილის განკარგულებაში, თორმეტის ნაცვლად, მხოლოდ 10 კალათბურთელი იყო. საბოლოოდ კი, შეხვედრამ 9 მოთამაშეზე გადაიარა, რომელთაგან ერთმა, მხოლოდ 00:03 წამი გაატარა პარკეტზე. ქართული გუნდიდან, ყველაზე მეტი სათამაშო დრო 37:37 კახაბერ ჯინჭარაძეს ერგო, თუმცა, ამ დღეს მას ისე, ვერ წაუვიდა თამაში, როგორც ალბათ, ყველაზე მეტად თავად სურდა. მიუხედავად ამისა, ჯინჭარაძემ 17 ქულის დაგროვება მოახერხა. საუკეთესო მექულე კი, ჩვენი გუნდიდან რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც რეალურად, ბოლო მეოთხედში „მარტო სახლში" იყო და  თუ არ ჩავთვლით, ვუიოვიჩის 2, ჩეჩელაშვილის 5 და ტურძილაძის 4 ქულას. საერთო ჯამში რატიმ, ამ მონაკვეთში 19 ქულა დააგროვა. აქედან 2 ზუსტი 3-ქულიანია იყო. თამაშის ბოლოს კი ანდრონიკაშვილის გვარის გასწვრივ 31 ქულა, 6 მოხსა და 4 პასი ჩაიწერა. რატის მარგი ქმედების კოეფიციენტიც (30), ყველაზე მაღალი იყო ორივე გუნდში.




შეეძლო თუ არა თსუ-ს მოგება? უფრო კი, თუკი ძალებს სწორად გადაანაწილებდნენ და მთელი დატვირთვა პირველი ტაიმის საწყისი მეოთხედის საწყის წუთებზე და ბოლო მეოთხედზე არ მოვიდოდა. მართლა რთული სათქმელია, რატომ „დატოვა" გუნდმა თამაშის დანარჩენი ნაწილი. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 02:33 ადრე გიორგი ტურძილძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მოგვიანებით კი, თსუ-მ პირველი მეოთხედის საწყისი წუთების შემდეგ, პირველად მოახერხა წინ გასვლა. შეხვედრის დასრულებამდე 19 წამით ადრე, ქართული გუნდი წინაა ერთი ქულით 85-84. გუნდები წუთშესვენებაზე გადიან დაბრუნებულები კი, სტუმრებს შეტევის დასრულებას აცდიან. ბუნებრივია, ტრიბუნიდან რთული სათქმელია, თუმცა, მარტივად „ჯარიმის აღება" გერმანელთა შეტევის დაწყებისთანავე, ჩვენ, გააზრებული შეტევისთვის, დროს დაგვიტოვებდა... თუმცა, ალბათ, ეს წვრილმანი დეტალი, რომელსაც ქართული გუნდები სუპერლიგაზე და სანაკრებო დონეზე ხშირად იყენებენ, ალბათ, ევროპის საკლუბო დონეზეც ნელ-ნელა მოვა. მანამდე კი, 19 წამში, სტუმრებმა 2-ქულიანი ჩაგვიგდეს, ჩვენ კი, 5 წამი უბრალოდ არ გვეყო.




თსუ-მ, 85-86 წააგო (14-18, 23-25, 18-22, 30-21) და ახლა ჯგუფში, 5 ქულით მე-3 ადგილზეა. ამასთან 1 ქულით უსწრებს კვიპროსულ გუნდს.