ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ, საფეხბურთო კარიერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ, სოციალური ქსელით განცხადებაც გაავრცელა.
„თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება .. ფიზიკური პრობლემების გამო.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა ამ დროის მანძილზე.. გამორჩეულად მადლობას ვუხდი @empoli_fc_official -ს კლუბს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში და გვერდში მედგა პირველივე დღიდან...
ასევე მადლობას ვუხდი @georgiagff . საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი თამაში გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის!
მადლობა @palermofficial @fcdinamotbilisi @fcdinamobatumi @fctorpedokutaisi
მიეცით ყველაფერი ამ სპორტს ახალგაზრდებო, რომ რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოთ და ისიამოვნოთ ამ დაუვიწყარი გრძნობებით!" - წერს ლევან მჭედლიძე.
თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა დასამახსოვრებელმა სახემ, საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში „ემპოლის" რიგებში გაატარა. თუმცა, ბოლო წლებში ის, საქართველოში დაბრუნდა და ჯერ „დინამო თბილისთან" ერთად იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა, შემდეგ კი, ბათუმის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" ღირსებას იცავდა. ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც რეალურად ტრავმებმა არ მისცა, თავის სრულად წარმოჩენის საშუალება, 2007-2019 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებშიც იყო, სადაც „მჭედლომ" სადებიუტო მატჩი 2007 წლის 13 ოქტომბერს, იტალიაშია გასვლაზე ჩაატარა, როდესაც ლევანი, მხოლოდ 17 წლის, 6 თვისა და 19 დღის იყო. რამდენიმე დღეში, 17 ოქტომბერს კი, 85-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაუტანა შოტლანდიას. საერთო ჯამში ლევან მჭედლიძემ ეროვნული ნაკრების მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, მეორე, 2012 წლის 15 აგვისტოს ლუქსემბურგის წინააღმდეგ. ბოლო სანაკრებო შეხვედრა კი, ლევან მჭედლიძემ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 2019 წელს გამართა გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას.