მონპელიეში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღე, ძიუდოს ქართული მოყვარულებისთვის ცივი შხაპით დაიწყო და სრული იმედგაცრუებით დასრულდა. დღეს ტატამზე ქართული გუნდიდან 4 წონით კატეგორიაში 5 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილი. აქედან ერთში, ქალთა შორის.
პირველი კი, ტატამზე -90 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გამოვიდა. საასპარეზო დღის დაწყებამდე, სპეციალისტები აღნიშნულ წონაში, ქართულ ფინალსაც არ გამორიცხავდნენ. ვინაიდან, წონა გაორებული გვგქონდა. თუმცა, მაისურაძემ, დამატებით დროში თურქეთის წარმომადგენელ მიხაელ ზგანკთან შებოჭვით წააგო და ასპარეზობას დაემშვიდობა. შესაძლოა, ვინმეს არ ესიამოვნოს, მაგრამ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მაისურაძე (თუმცა, იმავეს თქმა შეიძლება სხვებზეც) ან მოუმზადებელი გამოვიდა, ან მეტოქე სათანადოდ არ დააფასა. ამ წონას ოდნავ ქვევით დავუბრუნდებით.
ტრავმის შემდეგ ტატამს დაუბრუნდა სოფიო სომხიშვილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლადაც გამოვიდა. +78 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ქალის პირველი მეტოქე ხორვატი ჰელენა ვუკოვიჩი იყო. სოფიო ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებდა, თუმცა, მსაჯების აშკარა სიმპათიები მისი მოწინააღმდეგის მხარეს იყო. საბოლოოდ, ქართველი „გააწითლეს" და მედლის მაძიებელთა რიცხვს ჩამოაშორეს.
საწყის ეტაპზე განცდილი ამ ორი წარუმატებლობის შემდეგ, სამმა ქართველმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), ილია სულამანიძემ (-100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ) ფინალში გასვლა მოახერხეს, თანაც ისე, რომ ძირითადი ბადეშიც და 1/2 ფინალებშიც საკმაოდ უხერხული მეტოქეები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოშიც და ევროპაშიც, ყველა აღნიშნავდა, რომ ტურნირზე ქართული გუნდი უძლიერესი შემადგენლობით წავიდა. როგორც ჩანს, ეს იმდენად გაითავისეს თავად სპორტსმენებმაც და ალბათ, სამწვრთნელო შტაბმაც, რომ საკუთარი ძალების ზედმეტად ირწმუნეს და გაეპარათ ის დეტალები, რომელზეც წინასაოლიმპიადო წელს მუშაობა მოუწევთ. რადგან სხვაგვარად რამდენიმე თვეში ოლიმპიადაა, ჩვენ კი, მადა გვაქვს გახსნილი.
ალბათ, დეტალი, რომელზეც მწვრთნელებს და სპორტსმენებს მოუწევთ მუშაობა, უპირველესად კონცენტრაციაა, რადგან ისევე როგორც „ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში", ჭიდაობაც ყველამ ისწავა. მითუმეტეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გუნდებს სწორედ, ძიუდოს ქართველი წარმომადგენლები წვრთნიან (უფრო ხშირად, სწორედ ასეთ შეხვედრებს ვაგებთ), ბევრ ნაკრებში კი, საქართველოდან წასულები ასპარეზობენ, შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად, ნიკოლოზ შერაზადიშვილია, რომელმაც დღეს -100კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიგო (მართალია, ბრინჯაოს ფინალში მას მეტოქე არ გამოუცხადდა, მაგრამ მაინც), მანამდე კი, ფონსეკა დაამარცხა.
ამ წონაში, ქართველთაგან, ფინალში ილია სულამანიძე იყო. აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დაპირისპირებაში, ილიამ კარგად დაიწყო, თუმცა, რამდენჯერმე გარისკა, უხერხულად შეეკრა მეტოქეს, ერთხელ გაუმართლა, მეორედ კი, არა და იპონით დამარცხდა. ქართველმა, უფროსებს შორის, ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოიგო და ბუნებრივია, წინ უფრო მაღალი ყალიბის მედლებიც იქნება. დიდი ალბათობით, 2024 წელს ოლიმპიური თამაშებიც და იქაური წარმატებაც. თუმცა, მასაც, ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეტი მუშაობა მოუწევს კონცენტრაციაზე.
კონცენტრაცია და წამიერი გამოთიშვა მომენტიდან, ჩვენი აზრით გახდა ფინალში, გამოცდილი გურამ თუშიშვილის მარცხის მიზეზიც. „თუშიმ", ამ დღეს, ყველაზე ლამაზად იასპარეზა და ოქროს მედლამდეც, მხოლოდ 10 წამი აშორებდა (ტატოს 13 წამისა არ იყოს), თუმცა, საბოლოოდ, ის ნაკლებად ცნობილ ფინელთან პუმალაინენთან, დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. ფინელმა, +100 კგ წონით კატეგორიის ფინალში, ოქროს ვაზარამდე, „თუშის", ძირითად დროშივე, დარჩენილ წამებში აუღო ვაზარი და საბოლოოდ, გამოვიდა, რომ ოქროს მედალი ააცალა ხელიდან.
დილის შხაპის შემდეგ, პირველი იმედგაცრუება კი, კვლავ -90კგ წონით კატეგორიაში გველოდა და ამჯერად ეს, ლაშა ბექაური იყო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბადე დამაჯერებლად გაიარა და ფინალში გასვლის შემდეგაც, სადაც მისი მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი იყო, სასწორი, სწორედ, ლაშასკენ იხრებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ სერბმა შიდოები დააგროვა, თუმცა, საბოლოოდ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან, გამოჩნდა რომ ბექაურის მეტოქემ, ტაქტიკურად გაიყვანა დრო და ერთ შანს დაელოდა, რომელიც დამატებით დროში გამოიყენა კიდეც. ჩვენიანმა კი, იპონით წააგო და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საერთო ჯამში 4 ვერცხლის მედალი (ვაჟებს შორის მე-6 ადგილით) ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა, როდესაც მადა გაქვს გახსნილი და იცი, რომ ვარსკვლავების გუნდი გაქვს, მოთხოვნაც გაზრდილია. მარტივად, ისევე, როგორც ფეხბურთში, სადაც რეალურად ძიუდოს ამ ნაკრებთან დარი ჯერ მხოლოდ, კვარაცხელიაა საფეხბურთო ნაკრებიდან. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით და სხვა ფეხბურთელების ამაგსაც, რაღა თქმა უნდა, არ ვკარგავ - ფეხბურთი გუნდური თამაშია და იქ, მარტო ერთი ვერაფერს გახდება, განსხვავებით ძიუდოსგან.
ფოტო: © EJU / Emanuele Di Feliciantonio