სანაკრებო პაუზამდე ერთი, ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე კი, სამი ტური რჩება. სულ ოთხი და ამ, ერთგვარი მათემატიკით, საოცარი სასწაული უნდა მოხდეს, რომ სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ბათუმის „დინამომ", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, „დინამო თბილისთან" 9 ქულიანი უპირატესობა გაანიავოს. უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ, ბათუმელებმა დარჩენილი ოთხივე შეხვედრა უნდა წააგონ, მათ შორის „დინამო თბილისთან", თუმცა, სათამაშო კალენდრიდან გამომდინარე, ასეთი გათვლა ლოგიკას მოკლებულია. თუმცა, აჭარელთა კალენდარს თუ გადავხედავთ, რომლებიც წელს, კლუბის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ, დარჩენილ შეხვედრებში, დინამოურ ჯახთან ერთად, ბათუმის „დინამოს" სათამაშო აქვს გასვლაზე წყალტუბოში „სამგურალთან" და სახლში ჯერ „თელავთან", რომელიც ყველანაირად ეცდება „გადასათამაშებელ" ზონას ასცდეს და ქუთაისის „ტორპედოსთან", რომელიც საპრიზო სამეულში შესვლას ლამობს.
32-ე ტურში, რომელიც ორ დღეზე იყო გადანაწილებული, ერთნაირად, მშრალი ანგარით დასრულდა ორი შეხვედრა:
„საბურთალო" - „სამტრედია" 0-0
„ტორპედო" - „სამგურალი" 0-0
ბათუმის „დინამომ" 3-0 დაამარცხა „გაგრა".
მინიმალური ანგარიშით 1-2 „შუქურა" გორის „დილასთან" დამარცხდა.
ტურის ბოლო მატჩში კი, დინამო არენაზე, „დინამო თბილისმა" 4-0 დაამარცხა „თელავი".
ფოტო-ამბავი დინამო არენადან (რედაქტირებული)
საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, აღარაფერი შეცვლის იმ გარემოებას, რომ ქობულეთის „შუქურა", 2024 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს. აი, „გაგრას" და „სამტრედიას" ჯერ კიდევ აქვთ შანსი „თელავს" გადაასწრონ და გადათამაშების ზონას თავი დააღწიონ. მომდევნო ტური 10 და 11 ნოემბერს არის ჩანიშნული.
სტატიაში გამოყენებულია ბათუმის „დინამოს" ფოტო