ქალთა ლიგის 2023 წლის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. დარჩენილ ორ ტურში გაირკვევა ქვეყნის ჩემპიონიც და ის გუნდიც, რომელიც მინიმუმ ერთი წლით ქალთა ლიგის გათამაშებას დაემშვიდობება. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, მომდევნო, ზედა ჯგუფის მე-5 ტურში გათამაშების ლიდერებიდან „ლანჩხუთიდან" და „სამეგრელოდან" ერთ-ერთი მიუახლოვდეს. 12 ნოემბერს, მე-5 ტურში, რომელიც ამ მომენტისთვის თბილისის „ნიუ ვიჟენის" სტადიონზეა ჩანიშნული, სწორედ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „სამეგრელო" და ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „ლანჩხუთი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
დღეს კი, ზედა ჯგუფის მე-4 ტურში, ორივე გუნდმა 3-3 ქულა აიღო. „სამეგრელომ" უფრო რთულ მატჩში, რომელიც თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა და სადაც ჩხოროწყუელთა გუნდი, ქალთა გათამაშების კიდევ ერთ სახასიათო და ამავდროულად, ყველაზე ახალგაზრდულ „კვარტალს" დაუპირისპირდა. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსკენ გაიხსნა, 38-ე წუთზე გოლი, ჩხოროწყუელთა ლეგიონერმა ანა მიჩევსკამ გაიტანა. მატჩი კი, 0-1 დასრულდა სტუმართა გამარჯვებით.
ზედა ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ლანჩხუთმა" სოლიდური ანგარიშით, 0-5 დაამარცხა „ბათუმი". ახალსოფლის ცენტრალურ სტადიონზე, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 48-ე წუთზე ლელუ ჭიჭინაძემ გახსნა. მომდევნო ათ წუთიან მონაკვეთში ჯერ მეგი ეჯიბიამ, 51-ე წუთზე, შემდეგ კი, კესარია მემიშიშმა 57-ე წუთზე, „ლანჩხუთი" უკვე, სამი ბურთის უპირატესობით დააწინაურეს. 69-ე წუთზე, ჭიჭინაძემ პენალტი გაიტანა, ბათუმელებმა ის, ეთერ სულაშვილთან უხეში თამაშის გამო დაიმსახურეს. თავად სულაშვილმა კი, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 73-ე წუთზე.
გათამაშების სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე
ქვედა ჯგუფი
საჩემპიონო რბოლის მსგავსად, ქვედა ჯგუფშიც ორი ტურია დარჩენილი. უკვე ნათელია, რომ 2024 წლის სეზონში ქალთა ლიგაში ასპარეზობას „ნორჩი დინამო" და ხობის „კოლხეთი" გააგრძელებენ. დღეს, ორივე გუნდმა მოიგო.
ხობელებმა ქუთაისში, სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში „მართვე" 2-3 დაამარცხეს. „ნორჩმა დინამომ" კი, თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტში, სოხუმის „დინამოს" მშრალი ანგარიშით, 4-0 მოიგო.
გათამაშების სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე
ფოტო TSFF.Ge-ს არქივიდან