გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ მიმდინარე სეზონში მე-4 გამარჯვება მიითვალა და მოგებ-წაგებათა ბალანსი გაითანაბრა. ეს უკვე პროგრესია, რადგან ქართველი ცენტრის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი 3 წაგებით დაიწყო, რის შემდეგაც ტენერიფელებმა თამაში გამოაკეთეს და ბოლო წლებში ჩვეულად ქცეულ ფავორიტის იმიჯს ნელ-ნელა იბრუნებენ.
მორიგი მატჩი ტენერიფემ შინ, ანდორას მოუგო. ტენერიფელებმა შერმადინის ყოფილ გუნდს დამაჯერებლად 71-53 მოუგეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 2 საჯარიმო მიითვალა.
საუკეთესო შედეგი მარსელინიო ჰუერტასმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 8 პასი მიითვალა. 4 მოგებითა და 4 მარცხით ტენერიფე 9-11 ადგილებს იყოფს. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს ტენერიფელები 12 ნოემბერს, კატალონიაში, ბარსელონასთან ჩაატარებენ.
ვიდეო-კადრები მატჩიდან