მხოლოდ ერთი და ისიც ვერცხლი, ოქრო მამლუქმა წაიღო
მხოლოდ ერთი და ისიც ვერცხლი, ოქრო მამლუქმა წაიღო
04.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს მონპელიეში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე იყო, რომლის დასაწყისშიც ძიუდოს სპეციალისტები, როგორც ქართველები, ასევე ძიუდოს ევროპის  კავშირიდან თვლიდნენ, ქართულ ფინალსაც კი, იხილავდნენ თუმცა, ქართველთაგან ფინალში, მხოლოდ ტატო გრიგალაშვილმა გააღწია. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი ლაშა შავდათუაშვილი კი, ბრინჯაოს ფინალში დამარცხდა.


ამ დღეს, მონპელიეს ტატამზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 4 წონით კატეგორიაში იასპარეზეს.


-63 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრიდან ასპარეზობას გამოეთიშა ეთერ ასკილაშვილი. -70 კგ წონით კატეგორიაში, ნინო გულბანიც საწყის ეტაპზევე დამარცხდა. აი, მარიამ ჭანტურიამ კი, პირველი შეხვედრა მოიგო და მეორეშიც შეეძლო გამარჯვება, თუმცა, მესამე შიდო მიიღო და ასპარეზობა დაასრულა.


მეორე წრიდან დაიწყეს ასპარეზობა ქართველმა ჯუდოკებმა -73კგ წონით კატეგორიაში. ლაშა შავდათუაშვილმა „მიძმედ" იარა, თუმცა, ბადე მოიგო და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის წარმომადგენელ სალვადორ კასეს როკასთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის გზაზე გადაუხვია. თუმცა, კოსოვოლელ გიაკოვასთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. სხვათა შორის, „შავმა" 1/2 ფინალში გასასვლელად, რუსი დანილ ლავრენტევი დაამარცხა, რომელმაც, საწყის ეტაპზე ასპარეზობას გიორგი ტერაშვილი გამოთიშა.


რაც შეეხება -81 კგ წონი კატეგორიას და ტატო გრიგალაშვილს, რომელმაც გრიგალივით გაიარა ბადე და 1/2 ფინალი, ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქს, იგივე ვანო რევაზიშვილს გადაეყარა. ტატო შიდოებით დაწინაურდა და უფრო აქტიურიც ჩანდა, თუმცა, მამლუქმა, ჯერ შიდოები გაათანაბრა და შემდეგ, შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე, ტატოს მცირე უყურადღებობით ისარგებლა და ვაზარი აირო. ტატოს ვერცხლი ერგო, ვედათს ოქრო. ეს ალბაიქარის მეორე ევროპული ოქროა.


ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე ბოლო, მძიმე საასპარეზოა დღეა. მონპელიეში, ქართველები  4 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.


-90კგ  ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური

-100კგ ილია სულამანიძე

+100კგ  გურამ თუშიშვილი

+78კგ  სოფიო სომხიშვილი



ფოტო: © EJU / Carlos Ferreira