დღეს 3 და ჯამში, 6 მედალი ყაზახეთში დასრულებულ დენის ტენის მემორიალზე
დღეს 3 და ჯამში, 6 მედალი ყაზახეთში დასრულებულ დენის ტენის მემორიალზე
04.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინდელ ოქროს, ვერცხლსა და ბრინჯაოს, ქართველმა მოციგურავეებმა დღეს ორი ვერცხლი და ერთი ოქრო შემატეს. ყაზახეთში დასრულებულ საერთაშორისო ჩელენჯერის ტურნირზე, დენის ტენის მემორიალზე, რომელიც ქართველებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებულია ხოლმე, 2023 წელი ნაყოფიერი გამოდგა. ასპარეზობაში, რომელიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში უფროსებსა და ახალგაზრდებში, ქალთა და მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, ასევე, სპორტულ ცეკვებში ჩატარდა, საქართველოს გუნდმა 6 მედალი აიყო, შესაბამისად რვავე სპორტსმენმა, რომლებიც ტურნირზე ასპარეზობდნენ.

დღეს, ყინულზე პირველად, ახალგაზრდებს შორის კონსტანტინე სუპატაშვილმა იასპარეზა. 15 წლის ქართველი მოციგურავე, მოკლე პროგრამის შემდეგ 62.30 ქულით, მეოთხე იყო. თუმცა, დღეს, კონსტანტინემ თავისუფალ პროგრამაში 131.47 (68.73 / 62.74) ქულა აიღო, მოახერხა პირველი საასპარეზო დღის შემდეგ მასზე წინ მყოფი თურქი და ყაზახი მოციგურავეების გადასწრება, წინ, მხოლოდ კორეელი ჩოი გაატარა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


ვერცხლის მედალი აიღო ახალგაზრდებს შორის ჩვენმა სპორტულმა წყვილმაც. მარიია ალიევა და ეჰორ ბარშაკი, რითმული ცეკვების შემდეგ 57.75 ქულით მეორე ადგილზე იყვნენ. დღეს, ჩვენმა წყვილმა  83.90 (46.24 /37.66) ქულა აიღო და მეორე პოზიცია შეინარჩუნა. მარიიამ და ეჰორმა წინ მხოლოდ გერმანული წყვილი გადაუშვეს.


Barys Arena Ice Palace-ის ყინულზე დღეს, ყველაზე ბოლოს უფროს ასაკში, სპორტულმა წყვილებმა გაითამაშეს მედლები. აქ, ასპარეზობას, რითმული ცეკვების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლნიკი შესამჩნევი 6.75-ქულიანი უპირატესობით 76.56 ქულით ლიდერობდნენ. თავისუფალ პროგრამაში კი, ჩვენმა წარმომადგენლებმა ჩაიკოვსკის „გედების ტბა"-ს კომპოზიციაზე თითქმის უნაკლოდ იასპარეზეს (პროგრამის ბოლოში, მცირედი ხარვეზი დაუფიქსირდათ), თუმცა, ყველა გამომსვლელთა შორის უმაღლესი, 116.11 (65.21 / 50.90) ქულა აიღეს და ორი პროგრამის ჯამში, უშუალო კონკურენტებს გერმანულ წყვილს, 13.25 ქულით გადაასწრეს. დიანამ და გლებმა 192.67 ქულით ოქროს მედლები მოიგეს.


ერთი დრით ადრე მედლები მოიგეს:


ოქრო  - ინგა გურგენიძე, ახალგაზრდა გოგონები

ვერცხლი -  ნიკა ეგაძე, უფროსი ვაჟები

ბრინჯაო - ალინა ურუშაძე, უფროსი გოგონები

 


ფოტო: ©Golden Skate