სამი ყალიბის სამი მედალი ქართული გუნდის ყულაბაში
სამი ყალიბის სამი მედალი ქართული გუნდის ყულაბაში
03.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ყაზახეთში დღეს ქართული გუნდის ყულაბაში სამი სინჯის მედალი მოხვდა. ფიგურული ციგურაობის ტრადიციულ ტურნირზე დენის ტენის მემორიალზე დღეს, თავისუფალი პროგრამით ახალგაზრდებს შორის გამარჯვებული ინგა გურგენიძე გახდა. ქართველი მოციგურავე, პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, 54.22 ქულით, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებდა, თუმცა ინგამ თავისუფალ პროგრამაში 109.54 ქულა  (56.68 /53.86) აიღო და პირველი ადგილი დაიკავა. პირველი იყო გურგენიძე ორი პროგრამის ჯამშიც, 163.76 ქულით. ინგამ მეორე ადგილზე გასულ ისრაელის წარმომადგენელს, 6.28 ქულით გადაასწრო.


დღესვე, ვერცხლის მედალი მოიგო უფროსებს შორის ნიკა ეგაძე. თავისუფალ პროგრამაში 150.87 (73.62 / 78.25)ქულა დააგროვა. ორი პროგრამის ჯამში, 234.82 და მხოლოდ, 0.04 ქულით ჩამორჩა კორეელ ლიმს, რომელმაც დღეს თავისუფალი პროგრამა მოიგო და საბოლოოდ, ეგაძეზე წინ აღმოჩნდა.




მოკლე პროგრამის შემდეგ, მეორე პოზიციაზე იყო ალინა ურუშაძე. თუმცა, ჩვენმა სპორტსმენმა, თავისუფალ პროგრამაში, მხოლოდ მესამე შედეგი აჩვენა 107.82 (51.48 /56.34) და საბოლოოდაც ორი პროგრამის ჯამში, 166.62 ქულით მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.


დღესვე, ასპარეზობა დაიწყო დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის წყვილმა. რითმული ცეკვების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელები 76.56 (42.37 / 34.19) ქულით პირველ ადგილზე არიან. ხვალაც, თავისუფალ პროგრამაში ტურნირის ბოლო მონაწილეები, სწორედ ისინი იქნებიან. 4 ნოემბერს, მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება. თავისუფალი პროგრამით,  ახალგაზრდა ვაჟების და სპორტული ცეკვების ორივე ასაკობრივი კატეგორიის  შეჯიბრებები ჩატარდება.